26 ივნისი 2026,   18:45
ვრცლად
პრემიერი: იყო არაერთი კამპანია, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს ეკონომიკურ სასწაულს. 23 წლის განმავლობაში, ნომინალური ეკონომიკა 20-ჯერ გაიზარდა, ეს ნიშნავს, რომ პირდაპირი კორელაცია ევროკავშირში გაწევრიანებას და ეკონომიკურ ზრდას შორის არ არსებობს

მთავარი რაც უნდა გააკეთოს ქვეყანამ, არის ის, რომ უნდა იყოს კონცენტრირებული საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკის სწორად განხორციელებაზე, ეკონომიკის ზრდისთვის არის მთავარი არა რომელიმე გაერთიანების წევრობა, არამედ ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ქვეყნის შიგნით აწარმოებს ხელისუფლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო არის პირველ ადგილზე ყველა ქვეყანას შორის, რომლებიც 2003 წელს გახდნენ ევროკავშირის წევრები.

"რაც შეეხება ევროინტეგრაციის გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე. ყველაფერს აქვს თავისი პლუს-მინუსები. მე ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, იყო არაერთი კამპანია წარმოებული იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავდა ეკონომიკურ სასწაულს, როგორც ასეთს.

რეალურად ჩვენ რომ გადავხედოთ მონაცემებს 2003 წლიდან დღემდე, როგორი იყო მაგალითად მაშინ გაწევრიანებული ევროკავშირის ქვეყნების ზრდა ამ წლების განმავლობაში, დაახლოებით 23 წლის განმავლობაში. ამ ქვეყნების ეკონომიკა ზოგ შემთხვევაში ნომინალური ეკონომიკა გაიზარდა ორჯერ, ზოგ შემთხვევაში სამჯერ, ოთხჯერ და მაქსიმალური მაჩვენებელი იყო შვიდმაგი ზრდა ნომინალური ეკონომიკის. ჩვენ თუ გადავხედავთ საქართველოს მონაცემებს იგივე პერიოდში, ჩვენი ნომინალური ეკონომიკა ამ პერიოდში დაახლოებით 20-ჯერ გაიზარდა. ეს ნიშნავს იმას, რომ არავითარი პირდაპირი კორელაცია ევროკავშირში გაწევრიანებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის არ არსებობს. პირიქით, საქართველოს მაგალითი აჩვენებს იმას, რომ იგივე პერიოდში ჩვენ ბევრად უფრო სწრაფად გავიზარდეთ ვიდრე მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, სლოვენია და ასე შემდეგ. პირდაპირი სტატისტიკა მეტყველებს რა თქმა უნდა ამაზე. თუმცა რა თქმა უნდა ევროკავშირში გაწევრიანებას აქვს თავისი დადებითი ეფექტიც, მათ შორის პოლიტიკური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, არსებობს პლუს-მინუსები, მაგრამ მთავარი რაც უნდა გააკეთოს ქვეყანამ, ეს არის ის, რომ უნდა იყოს კონცენტრირებული საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკის სწორად განხორციელებაზე.

ეკონომიკის ზრდისთვის არის მთავარი არა რომელიმე გაერთიანების წევრობა, არამედ ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ქვეყნის შიგნით აწარმოებს ხელისუფლება. ეს არის მარტივი სტატისტიკა, რაც შეგვიძლია გავიხსენოთ. რა თქმა უნდა მთელი რიგი გვერდითი მოვლენებიც არის დაკავშირებული ევროკავშირში გაწევრიანებასთან. მაგალითად, ქვეყანას შეიძლება მოუწიოს უარი თქვას რიგ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე, უვიზო მიმოსვლაზე. ეს პირდაპირ აისახება ბუნებრივია იმპორტ-ექსპორტზე, აისახება ტურიზმზე და ასე შემდეგ. ნუ თუმცა მთლიანობაში შეიძლება ამ ყველაფრის დაბალანსება სავარაუდოდ. მოკლედ ეს არის საერთო სურათი, რომელიც გვაქვს. აქაც რომ ავიღოთ კიდევ ერთხელ სტატისტიკური მონაცემები, ეკონომიკური ზრდის მონაცემები, საქართველო არის პირველ ადგილზე ყველა ქვეყანას შორის, რომ ავიღოთ ის ქვეყნები, რომლებიც 2003 წელს გახდნენ ევროკავშირის წევრები. საქართველო მათთან შედარებით რამდენჯერმე უკეთესი მაჩვენებლით გამოირჩევა ეკონომიკური ზრდის კუთხით 2003 წლიდან დღემდე. ნუ დანარჩენი ყველაფერი არის ბალანსის საკითხი", - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები