ზუსტად ერთი წლის წინ, საქართველოს მთავრობაში დასრულდა საკადრო და ინსტიტუციური ცვლილებები, რის შემდეგაც დაიწყო ახალი ეტაპი, თვისებრივად გაუმჯობესდა მართვის სისტემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეფექტიანობის დეპარტამენტის 1-წლიანი მუშაობის შედეგად, მთავრობამ მნიშვნელოვანი თანხების დაზოგვა შეძლო, რაც ისევ ქვეყნის განვითარებას მოხმარდება.
„წარმოგიდგენთ ყოველწლიურ ანგარიშს სამთავრობო პროგრამის შესრულების თაობაზე. ეს ანგარიში მოიცავს გასული წლის მეორე ნახევარს და მიმდინარე წლის პირველ ნახევარს, როგორც ეს დადგენილია ჩვენი კონსტიტუციითა და კანონმდებლობით.
ანგარიში თავისი შინაარსით ძალიან მოცულობითია და დროის სიმცირიდან გამომდინარე მე საშუალება მექნება, დღეს წარმოგიდგინოთ ამ ანგარიშის ძირითადი საკვანძო ასპექტები.
შარშანდელი წელი იყო გარდამტეხი მთავრობის საქმიანობაში სხვადასხვა თვალსაზრისით. ზუსტად ერთი წლის წინ, საქართველოს მთავრობაში დასრულდა საკადრო და ინსტიტუციური ცვლილებები, რის შემდეგაც დაიწყო ახალი ეტაპი საქართველოს მთავრობის საქმიანობაში. ამ წლის განმავლობაში, თვისებრივად გაუმჯობესდა მართვის სისტემა და ეს იყო მთავარი გარდამტეხი ცვლილება, რაც განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში ამ თვალსაზრისით. ეს საკადრო ცვლილებები ეხებოდა უშუალოდ სამთავრობო და მთავრობასთან დაკავშირებულ უწყებებს, მათ შორის, ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობაში შეიქმნა ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც აქტიურადაა დაკავებული ხარჯების ოპტიმიზაციის უზრუნველყოფით. 2025 წელს დეპარტამენტის საქმიანობის შედეგად გადაიხედა 115 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო პროგრამები და შესყიდვები, საიდანაც დაიზოგა 67 მლნ ლარზე მეტი. ეს არის ის თანხა, რომელიც ისევ ქვეყნის განვითარებას უნდა მოხმარდეს. 2026 წელს, დეპარტამენტის საქმიანობიდან მიღებულმა პირდაპირმა ეკონომიამ შეადგინა 67 მლნ ლარი, ხოლო ეკონომიამ მონიტორინგის შედეგად კორექტირებული ტენდერებიდან - 34 მლნ ლარი. ჯამში, ეს არის 101 მლნ ლარი. ეს არის ამ 1 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგი. ასევე ამ დეპარტამენტის ჩართულობით შეიქმნა ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდელი, რაც უზრუნველყოფს შესყიდვების პროცედურების სრულ გამჭვირვალობას და ა.შ. ეს არის ერთი კონკრეტული მაგალითი, რომელიც აჩვენებს იმას, თუ რამდენადაა შეცვლილი მიდგომა, დამოკიდებულება სახელმწიფოს მართვის მიმართ,“ - აღნიშნა პრემიერმა.