25 ივნისი 2026,   23:27
ვრცლად
ახალი დაპირისპირება ოპოზიციურ ფლანგზე - ნანუკა ჟორჟოლიანის მორიგი განცხადება კრიტიკის სამიზნე გახდა

"ნაციონალებისთვის" თავმოყვარეობის საკითხია, მათ უთავმოყვარეობაზე საუბარი ნანუკა ჟორჟოლიანმა ვერ გაბედოს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარეობის სურვილი და ამბიცია მხოლოდ ციხიდან მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერამ გაუჩინა. ისინი, ვინც მსჯავრდებული ლიდერის ერთგულების ფიცი ჟორჟოლიანზე ადრე, წლების წინ დადეს, მსჯავრდებულის კანდიდატს აფრთხილებენ, რომ "ნაციონალები" ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლებას არასდროს მისცემენ, მათ შორის არც ოპოზიციური გაერთიანებიდან გამოსვლასთან დაკავშირებით.

გადაწყვეტილება უკვე ჯერ არ არჩეულმა თავმჯდომარემ საჯაროდ, ერთ-ერთ ეთერში გამოაცხადა. ჟორჟოლიანმა მკაფიოდ თქვა, რომ პარტიის ხელმძღვანელად არჩევის შემთხვევაში მისი პირველი ნაბიჯი სწორედ ოპოზიციური ალიანსიდან გამოსვლა იქნება.

აუცილებლად ძვირად დაუჯდება ერთი კაცის გადაწყვეტილების გაფორმება ნანუკა ჟორჟოლიანსაც - ამას თავად "ნაციონალები" და თან დარწმუნებით ამბობენ. უფრო მეტიც, ჟორჟოლიანს ახსენებენ, რომ სააკაშვილის მხარდაჭერის მიუხედავად, მისი კანდიდატურა პარტიულ დამკაში შესაძლოა საერთოდ ვერ გავიდეს.

ალიანსის წევრი ყოფილი "ნაციონალები" კი ამბობენ, რომ თავად სააკაშვილის პარტიაა დროულად ჩამოსაყალიბებელი. ნიკა გვარამია თავდასხმებზე პასუხისმგებლობას მის ყოფილ ლიდერს აკისრებს.

სახელისუფლებო გუნდის აზრით, სააკაშვილის პარტიასთან ერთად არც სააკაშვილის სხვა დანაყოფები გაჩერდებიან უცხოელი დონორების თვალში უპირატესობის მოპოვებისთვის დაწყებულ ბრძოლაში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ანტისახელმწიფოებრივი მიზნების მქონე ოპოზიცია ქართველი ხალხის მხარდაჭერას ვეღარასდროს მოიპოვებს.

საკუთარი დღის წესრიგი არ აქვს "ნაციონალურ მოძრაობას", სადაც პარტიული ცვლილებები 2 კვირაში დაიწყება. სწორედ მაშინ შევა გადამწყვეტ ფაზაში სააკაშვილის კარის თამაშები, სადაც თავმჯდომარეობისთვის ბრძოლაში, როგორც ითქვა, მინიმუმ 3 კანდიდატი - ჟორჟოლიანი, წითლიძე და გრიგალაშვილი ჩაერთვებიან.

დღის ამბები