25 ივნისი 2026,   20:39
ვრცლად
"როგორ მოვექცეთ ტრამპს" - სკანდალური მიმოწერები საიდუმლო ჩატში და გამოძიება ევროკომისიის წინააღმდეგ - რა ხდება ევროპელ ლიდერებსა და ზელენსკის შორის

ევროკავშირი იძიებს ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შორის არსებულ საიდუმლო ჩატს, სადაც "განიხილებოდა, როგორ მოქცეოდნენ ტრამპს".

გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისიის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს საიდუმლო ჯგუფური ჩატის გარშემო, რომელშიც ურსულა ფონ დერ ლაიენი, ვოლოდიმირ ზელენსკი და რამდენიმე ევროპელი ლიდერი მონაწილეობდნენ და სადაც განიხილებოდა, როგორ მოჰქცეოდნენ დონალდ ტრამპს.

როგორც ამბობენ, ჯგუფში შედიოდნენ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სერ კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი.

თუმცა, ჩატის შინაარსი კონფიდენციალური დარჩა მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ უარყო ერთ-ერთი მედიაკომპანიის მოთხოვნა ამ მიმოწერაზე წვდომის მიცემასთან დაკავშირებით.

ომბუდსმენმა ტერეზა ანჟინიომ გასულ პარასკევს ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ დაიწყებდა გამოძიებას მოთხოვნის განხილვის პროცესზე, რათა დაედგინა, ჰქონდა თუ არა კომისიას პრობლემა გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.

ნიდერლანდურმა საგამოძიებო ორგანიზაციამ „Follow the Money“ მიმოწერაზე წვდომა იანვარში მოითხოვა, თუმცა კომისიამ ეს მოთხოვნა უარყო იმ მიზეზით, რომ მის გამოქვეყნებას შესაძლოა ზიანი მიეყენებინა ევროკავშირის ურთიერთობებისთვის ბლოკის გარეთ მყოფ ქვეყნებთან.

მოსალოდნელია, რომ გამოძიება რამდენიმე თვეს გაგრძელდება. კომისიის წარმომადგენლებსა და ანჟინიოს შორის შეხვედრა ივლისის შუა რიცხვებამდე არ არის დაგეგმილი.

მარტის დასაწყისში მიღებულ პირვანდელ გადაწყვეტილებაში, რომლითაც ჯგუფურ ჩატებზე წვდომა შეიზღუდა, კომისიამ განაცხადა, რომ არსებობდა „მუდმივი არაფორმალური და პირადი კონტაქტი მესამე ქვეყნებისა და წევრი სახელმწიფოების მეთაურებთან, როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით“. კომისიის თქმით, ამ მიმოწერებზე წვდომა საზოგადოებრივ ინტერესებში არ შედიოდა.

მოგვიანებით მომჩივანმა მხარემ განაცხადა, რომ კომისიამ საკმარისად არ დაასაბუთა წვდომაზე უარი. საპასუხოდ, კომისიამ კვლავ უარყო მოთხოვნა „საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის“ საფუძველზე.

20 მაისის ამ პასუხში კომისიას არ დაუფიქსირებია პოზიცია იმის შესახებ, წარმოადგენს თუ არა აღნიშნული ჩატის მიმოწერები დოკუმენტებს, რომლებსაც ის ოფიციალურად ფლობს.

ამის შემდეგ მომჩივანმა ომბუდსმენს მიმართა და აღნიშნა, რომ კომისიას არ შეუფასებია მოთხოვნილი დოკუმენტები და არც მიმოწერაზე ნაწილობრივი წვდომის დაშვების შესაძლებლობა განუხილავს.

მისივე თქმით, კომისიამ ვერ წარმოადგინა ვერანაირი კონკრეტული მტკიცებულება იმ ზიანისა, რაც ამ მიმოწერების გასაჯაროებას შეეძლო გამოეწვია, და არც რაიმე ინფორმაცია მიაწოდა მათ არსებობაზე, ფლობასა თუ შენახვაზე.

ომბუდსმენმა კომისიისგან ასევე მოითხოვა ყველა ის დოკუმენტი, რომელიც მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში ხვდება.

„Politico“-მ ე.წ. ფაქტის შესახებ პირველად იანვარში დაწერა. წყარომ გაამჟღავნა, რომ ლიდერები ერთმანეთს სწერდნენ ყოველთვის, როცა ტრამპი რაიმე "პოტენციურად საზიანოს" გააკეთებდა ან იტყოდა.

„როდესაც მოვლენები სწრაფად ვითარდება, კოორდინაციის სწრაფად მოხდენა რთულია, ეს ჯგუფური ჩატი კი მართლაც ეფექტურია“, - განუცხადა გამოცემას წყარომ, რომელსაც შეთანხმებასთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვს -„ეს ბევრ რამეს გვეუბნება პირად ურთიერთობებზე და იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მათ“.

ჯგუფი, რომელიც აღწერილია როგორც „არაფორმალური, მაგრამ აქტიური“, მას შემდეგ შეიქმნა, რაც ევროპელი ლიდერები ზელენსკისთან ერთად გასულ აგვისტოში თეთრ სახლს ესტუმრნენ.

ევროპელი ლიდერები თავდაპირველად ფრთხილობდნენ, რომ არ გაებრაზებინათ ტრამპი, რათა მისი რისხვა არ გამოეწვიათ, თუმცა მას შემდეგ ისინი უფრო გაბედულები გახდნენ მისი საჯარო კრიტიკისას - მაკრონი და მერცი, კერძოდ, ხმამაღლა შეეწინააღმდეგნენ მის ომს ირანში.

მიმდინარე წლის დასაწყისში დიპლომატიური სკანდალი მოჰყვა ევროპელი ლიდერების ჯგუფური სატელეფონო ზარის დროს ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე არასახარბიელოდ საუბარს.

გერმანული გაზეთის, „Der Spiegel“-ის ინფორმაციით, მაკრონმა კონფერენციაზე ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ ტრამპმა შესაძლოა „უღალატოს“ უკრაინას და აიძულოს იგი დათმოს ტერიტორიები „უსაფრთხოების გარანტიების მკაფიოობის გარეშე“.

კომენტარებში, რომლებიც, როგორც ჩანს, ტრამპის წარმომადგენლებს - სტივ ვიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ეხებოდა, გერმანიის კანცლერმა მერცმა თქვა: „ისინი თამაშებს თამაშობენ, როგორც თქვენთან, ისე ჩვენთან“.

ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა, რომელსაც ტრამპთან კარგი ურთიერთობა აქვს, განაცხადა: „ჩვენ არ უნდა დავტოვოთ უკრაინა და ვოლოდიმირ ზელენსკი მარტო ამ ბიჭებთან“.

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე მას დაეთანხმა და თქვა: „ვეთანხმები ალექსანდრს - ჩვენ უნდა დავიცვათ ვოლოდიმირი“.

დღის ამბები