დღევანდელი დღე განსაკუთრებულია, რადგან ის კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე ნებას, განახორციელოს ინვესტიციები იმ მდგრად ინიციატივებში, რომლებიც აძლიერებს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის ბუნებრივი სატრანზიტო ჰაბის პოზიციას, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა ფოთის პორტის ახალი ნავმისადგომის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ალან პერსელმა აღნიშნა, ქართველ სახელმწიფო მოღვაწესა და ვიზიონერს, ნიკო ნიკოლაძეს, რომლის თაოსნობითაც დასრულდა 1907 წელს ფოთის პორტის მშენებლობა, მკაფიო სტრატეგიული ხედვა ჰქონდა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე და მის როლზე რეგიონულ ვაჭრობასა თუ სატრასნპორტო გადაზიდვებში.
„დღევანდელი ღონისძიება სწორედ ამ ხედვასა და ოცნებას ეხმიანება და ფოთის შესაძლებლობებს ახალ დონეზე აიყვანს. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი შეერთებული შტატებისა და საქართველოს გრძელვადიანი პარტნიორობის ისტორიაში, რომელიც უკვე სამ ათწლეულზე მეტს ითვლის. წლების განმავლობაში ქართველები და ამერიკელები მხარდამხარ ვმუშაობთ უკეთესი მომავლისა და ორივე ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ჩემზე ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ისტორიები, რომლებსაც ყოველდღიურად ვისმენ საქართველოს მოქალაქეებისგან ჩვენი პარტნიორობის პოზიტიური გავლენის შესახებ. ამ თანამშრომლობამ, მაგალითად, საგრძნობლად გააძლიერა საქართველოს შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი საზღვრები სასაზღვრო გამტარი პუნქტებისა და პორტების გაუმჯობესების, თავდაცვისუნარიანობის განვითარებისა და სანაპირო დაცვის სამსახურის ჩამოყალიბების გზით. სამხრეთ კავკასიის უფრო ფართო კონტექსტში კი, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას სტაბილურობა მოაქვს მთელი რეგიონისთვის“, - განაცხადა ალან პერსელმა.
მისივე თქმით, ისეთ ინიციატივებს, როგორიცაა TRIPP (საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის ტრამპის მარშრუტი), შეუძლია კიდევ უფრო განამტკიცოს რეგიონული კავშირები ინფრასტრუქტურული ხარვეზების აღმოფხვრის, საქონლისა და მომსახურების ეფექტური გადაადგილების ხელშეწყობისა და ახალი ტექნოლოგიებისა თუ გამოცდილების მოზიდვის გზით.
„შუა დერეფნის ფარგლებში ჩვენ შეგვიძლია, გავაძლიეროთ დერეფნის ქვეყნების ეკონომიკა და, ამავდროულად, განვამტკიცოთ რეგიონული სტაბილურობა. ჩვენ ასევე აქტიურად ვუჭერთ მხარს კერძო სექტორის მიერ წარმართულ ინიციატივებს, რომლებიც შუა დერეფნის განვითარებისთვის გრძელვადიან და მდგრად გადაწყვეტილებებს ქმნიან. მაგალითად, გასულ წელს ჩვენ ვმასპინძლობდით ამერიკული კომპანიების სავაჭრო მისიას, რომელიც შუა დერეფნის კონტექსტში ენერგეტიკის, კრიტიკული ინფრასტრუქტურის, ციფრული ვაჭრობის, ახალი ტექნოლოგიების, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის შესაძლებლობების გამოვლენას ისახავდა მიზნად. აშშ-ის მთავრობამ ასეთი ინიციატივების წახალისებისთვის საკუთარი ფინანსური რესურსებიც მიმართა. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ამერიკის განვითარების საფინანსო კორპორაციის (DEC) მეშვეობით შუა დერეფანში განხორციელებული აშშ-ის სამთავრობო ინვესტიციების დიდ გავლენას, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში DFC-მ საქართველოში, კერძო სექტორის სხვადასხვა პროექტებში, 800 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. მათ შორისაა ფოთიც, სადაც ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ DFC-ის მიერ დაფინანსებული 50-მილიონიანი პროექტის შედეგებს - ფოთის ახალი საზღვაო პორტის განვითარებას. დღესვე მოხარულნი ვართ, აღვნიშნოთ DFC-ის მიერ დამატებით კიდევ 25 მილიონი დოლარის ინვესტიციის გამოყოფა, რაც შუა დერეფნის ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე მუშაობის გაგრძელებას მოემსახურება. მსურს აღვნიშნო, რომ შეერთებული შტატები წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია. მე ვამაყობ ჩვენ მიერ ერთად გაწეული შრომითა და ჩვენს ხალხებს შორის არსებული მჭიდრო კავშირებით. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ საქართველოსთან პარტნიორობას, ინვესტირებას ქართველ ხალხში და ჩვენს საერთო ეკონომიკურ ინტერესებში“, - განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.