25 ივნისი 2026,   12:23
ვრცლად
საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა - IMF

"უნარების შეუსაბამობისა და სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავლების გავლენა საქართველოს შრომის ბაზარზე" - ასე ჰქვია განახლებულ პუბლიკაციას, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) აქვეყნებს.

"საქართველო გამოწვევების წინაშე დგას შრომის ბაზარზე. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია უმუშევრობის მაღალი დონე, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, და ბიზნესების მხრიდან კვალიფიციური კადრების დეფიციტის შესახებ მზარდი სიგნალები", - წერია IMF-ის ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, თუმცა ის კვლავ აღემატება შესადარის მაჩვენებლებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

"ამავე დროს, კომპანიები სულ უფრო ხშირად ასახელებენ კვალიფიციური მუშახელისა და სამუშაო ძალის დეფიციტს ბიზნესის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად", - აღნიშნულია IMF-ის ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში ფართოდ არის გავრცელებული როგორც გადაჭარბებული კვალიფიკაცია, ისე უნარების დეფიციტი, რაც ასახავს ზოგადი და უმაღლესი განათლების მქონე კადრების სტრუქტურულ სიჭარბეს იმ უნარებთან შედარებით, რომლებიც რეალურად მოთხოვნადია სამუშაო ადგილებზე, განსაკუთრებით ტექნიკური და პრაქტიკული მიმართულებებით.

"2024 წელს სამუშაო ასაკის დასაქმებულთა 27% და ახალგაზრდების 36% იმ პოზიციებზე მუშაობდა, რომლებიც მათ განათლების დონეზე დაბალ კვალიფიკაციას მოითხოვდა. ამასთან, უმაღლესი განათლების მქონე დასაქმებულთა 40% დასაქმებული იყო საშუალო ან დაბალი კვალიფიკაციის სამუშაოებზე. საპირისპიროდ, არასაკმარისი კვალიფიკაცია განსაკუთრებით შეინიშნებოდა მაღალპროდუქტიულ სექტორებში, როგორიცაა ინფორმაციული ტექნოლოგიები (ICT), ფინანსები, მენეჯერული და პროფესიული საქმიანობა. მნიშვნელოვანი იყო ასევე სპეციალობისა და დასაქმების სფეროს შორის შეუსაბამობა: დასაქმებულთა მხოლოდ დაახლოებით ერთი მესამედი მუშაობდა იმ სფეროში, რომელიც მათ განათლებასა და პროფესიულ მომზადებას შეესაბამებოდა. ეს ტენდენციები მიუთითებს განათლების სისტემასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის სუსტ კავშირზე, ასევე მაღალი პროდუქტიულობის სექტორების შეზღუდულ შესაძლებლობაზე, შეითვისონ კვალიფიციური სამუშაო ძალა”, - აღნიშნულია IMF-ის კვლევაში.

ანგარიშის თანახმად, დასაქმების სტრუქტურა თანდათან გადაადგილდა სოფლის მეურნეობიდან ვაჭრობისა და მშენებლობის სექტორებისკენ. ამავე დროს, ვაკანსიების რაოდენობა გაიზარდა მაღალკვალიფიციურ სექტორებში, როგორიცაა ინფორმაციული ტექნოლოგიები (ICT) და ფინანსები, მაშინ როდესაც შემცირდა საშუალო კვალიფიკაციის სამუშაოებზე მოთხოვნა ვაჭრობის, გაყიდვებისა და მშენებლობის სფეროებში. კომპანიების დონეზე არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ გამოკითხული ბიზნესების დაახლოებით 8% უცხოელ მუშაკებს ასაქმებს, რაც მთლიან დასაქმებაში დაახლოებით 2%-იან წილს შეადგენს. ეს ნაწილობრივ ადგილობრივი კვალიფიციური კადრების დეფიციტითაა განპირობებული, განსაკუთრებით პროფესიულ პოზიციებზე. ამასთან, იზრდება იმ კომპანიების წილი, რომლებიც უცხოელი თანამშრომლების დასაქმების მთავარ მიზეზად შედარებით დაბალ ანაზღაურებას ასახელებენ.

IMF-ი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობისთვის ორ ურთიერთშემავსებელ პრიორიტეტულ მიმართულებას გამოკვეთს. უნარების შეუსაბამობის შემცირება და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მათი უკეთ შესაბამისობაში მოყვანა და მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და დასაქმების მოტივაციის გაძლიერება.

უნარების შეუსაბამობის შემცირება და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მათი უკეთ შესაბამისობაში მოყვანა

პრიორიტეტულ ნაბიჯებს შორისაა:

სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და სასწავლო პროგრამების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მეტად დაახლოება;

პროფესიული განათლებისა და გადამზადების (VET) სისტემის გაძლიერება;

დამსაქმებლების მონაწილეობით სასწავლო პროგრამების, სტაჟირებებისა და პრაქტიკული მომზადების შესაძლებლობების გაფართოება;

დასაქმების ხელშემწყობი ინსტიტუტების, მათ შორის საჯარო დასაქმების სერვისებისა და კარიერული კონსულტირების სისტემის გაუმჯობესება.

მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და დასაქმების მოტივაციის გაძლიერება

სოციალური დახმარებების მოცულობის შემდგომ გაზრდამდე მნიშვნელოვანია შეფასდეს მათი გავლენა შრომის ბაზარზე და გაძლიერდეს კავშირი სოციალურ მხარდაჭერასა და დასაქმების ხელშემწყობ ღონისძიებებს შორის, როგორიცაა პროფესიული გადამზადება, სამუშაოს ძიების მხარდაჭერა და კარიერული კონსულტირება.

დამატებითი ზომები, განსაკუთრებით ქალების ეკონომიკური აქტივობის გასაზრდელად, შეიძლება მოიცავდეს:

ბავშვთა და ხანდაზმულთა მოვლის სერვისების გაფართოებას;

კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებზე ხელმისაწვდომობის ზრდას;

მოქნილი სამუშაო პირობების დანერგვის ხელშეწყობას.

დღის ამბები