24 ივნისი 2026,   18:23
ვრცლად
ჩვენ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ვართ - სტუმრები ეცნობიან ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების მიერ მიღწეულ წარმატებებს - თამარ ზოდელავა

"ფორუმის ჩვენს ქვეყანაში ჩატარება ნიშნავს საქართველოსა და ჩვენი ხელისუფლების წარმატებული რეფორმების განხორციელების აღიარებას. აუცილებელია, ეს რეფორმები გავაზიაროთ და საფუძველი ჩავუყაროთ ახალ ინიციატივებს, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ქართულ საჯარო მმართველობას და სერვისების ხელმისაწვდომობას", – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ ტელეკომპანია"POSTV"-ის ეთერში განაცხადა.

თამარ ზოდელავას თქმით, საქართველოში მიმდინარე ფორუმი საჯარო მმართველობას კიდევ უფრო გააძლიერებს.

„მნიშვნელოვანი სამი დღე გვაქვს როგორც ქვეყანას, ისე იუსტიციის სამინისტროს. ჩვენ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ვართ წარმატებული რეფორმების შედეგად. ჩვენ საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმს პირველად ვმასპინძლობთ. ჩამოსულია 100-ზე მეტი ქვეყნის 500-მდე სტუმარი, რომელთაც აქვთ არაჩვეულებრივი და უნიკალური შესაძლებლობა, გაეცნონ იმ წარმატებებს, რაც განხორციელებულია ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების მიერ. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენც გავიზიაროთ მათი გამოცდილება. ეს კი, თავის მხრივ, კიდევ უფრო გააძლიერებს საჯარო მმართველობას და მოქალაქეებისთვის სერვისებს უფრო ხელმისაწვდომს გახდის“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

თამარ ზოდელავამ ყურადღება გაამახვილა იმ თემებზეც, რომლებზეც ფორუმის ფარგლებში შესაძლებელი იქნება გამოცდილების გაზიარება. „სერვისების ხელმისაწვდომობა, ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტრანსფორმაცია, მონაცემთა დაცვა, მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში – ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, რათა მოქალაქემ ნაკლები ბიუროკრატიის გარეშე შეძლოს სერვისის მიღება. ამ მიმართულებებით ჩატარდება როგორც პანელური დისკუსიები, ისე თემატური შეხვედრები. ეს ყველაფერი შესაძლებლობას მოგვცემს, ახალი პარტნიორობები დაფუძნდეს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თამარ ზოდელავას თქმით, ფორუმი ახალი თანამშრომლობის საფუძვლის ჩაყრის შესაძლებლობა გახდება.

„ჩამოსულია იუსტიციის საკმაოდ ბევრი მინისტრი, რომლებიც საქართველოს იუსტიციის მინისტრთან ისაუბრებენ, რაც, თავის მხრივ, ახალი თანამშრომლობის საფუძვლის ჩაყრის შესაძლებლობა იქნება. ხვალ მოხდება იმ ინიციატივებისა და პროექტების დაჯილდოება, რომლებმაც წვლილი შეიტანეს საჯარო მმართველობის განვითარებაში“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

 

დღის ამბები