"ნაციონალურ მოძრაობაში" შიდაპარტიული კრიზისი და დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფავორიტი კანდიდატი, ნანუკა ჟორჟოლიანი პირდაპირ ამბობს, რომ თუ პარტიის თავმჯდომარეობას გადაიბარებს, "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციურ ალიანსს დატოვებს.
"თუ გავხდები თავმჯდომარე, აუცილებლად [გამოვა "ნაციონალური მოძრაობა" ალიანსიდან]. მიშა ფიქრობდა და მარტო მიშა არა - გია ბარამიძეს და სხვებსაც ვესაუბრე - ისინი ფიქრობდნენ, რომ არ უნდა ყოფილიყო ხუთიანი იმის მიზეზი, რომ კოალიცია არ შედგა სრულფასოვნად. სჭირდება პარტიას რეფორმა და ამ რეფორმის მთავარი ამბავი არის ის, რომ 2-3 ეფექტური ახალგაზრდა კი არა, ახალგაზრდული ხმა უნდა იყოს უფრო მკვეთრი და მყვირალა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" კავშირი ყველაზე მეტად ვისთანაც გაწყვიტა, ეს არის ახალგაზრდები, "ნაციონალური მოძრაობა" გახდა რაღაც ასაკობრივი თარგეთი და ეს მათ ძალიან კარგად იციან," - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
პარტიაში კრიზისს ადასტურებენ თავად "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც.
"პარტიაში ახლა კრიზისია. ნებისმიერი კრიზისი, მოგეხსენებათ, არის დაღუპვის შესაძლებლობაც, მაგრამ განახლების და რეალურად, წინსვლის შესაძლებლობაც. უმძიმესი ფინანსური კრიზისი გვაქვს - ჩვენ ოფისი გავყიდეთ, ამხელა ოფისი, ამხელა ფასად - ვალების გასტუმრებას მოვანდომეთ და დღეს უოფისოდ ვართ. შიგნით გვაქვს ბევრი რამ მოსაგვარებელი და ეს არ არის მარტო პიროვნული ამბავი, თუმცა სუბიექტური მომენტებიც არის. ჩვენ კი არ გვჭირდება მხოლოდ სახეების განახლება, საჭიროა სისტემური ცვლილება ჩვენი პარტიის - პარტიის მართვის სისტემა უნდა შეიცვალოს," - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი, გია ბარამიძე.