22 ივნისი 2026,   13:23
ვრცლად
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

ხულო-ზარზმის გზის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. პარალელურად, კურორტ გოდერძიზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება.

ზურაბ პატარაძესთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, ასევე აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონში გადაადგილებას, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და გაზრდის კურორტის საინვესტიციო მიმზიდველობას.

"მაღალმთიან აჭარაში დავათვალიერეთ ფერდამაგრი სამუშაოები და გავეცანით ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის მიმდინარეობას, რომელიც დასკვნით ეტაპზეა. სამშენებლო კომპანიები სრულად არიან მობილიზებულები და ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ, რათა პროექტი უმოკლეს ვადაში დასრულდეს. ჩვენი მიზანია, სამცხე-ჯავახეთსა და აჭარას შორის გადაადგილება იყოს უფრო კომფორტული და უსაფრთხო, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას.

კურორტ გოდერძიზე აქტიურად მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა და განხორციელება. ახალი ობიექტები ხელს შეუწყობს კურორტის სრულფასოვან განვითარებას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინვესტიციების მოზიდვას.

შეხვედრები გავმართეთ როგორც მშენებლებთან, ისე ადგილზე დასაქმებულ თანამშრომლებთან და ერთად განვიხილეთ არსებული გამოწვევები და ის საჭიროებები, რომლებიც კურორტის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ხულო-ზარზმის გზის პროექტი საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება. 47-კილომეტრიანი მონაკვეთიდან 41 კმ-ზე უკვე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის საფარი. დარჩენილი 6 კმ-დან 3 კმ-ზე დაგებულია ასფალტის პირველი ფენა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსაცდელების, საყრდენი კედლების მოწყობა, მეწყრულ მონაკვეთებზე ფერდების გამაგრება და ჭაბურღილების ბურღვა. განახლებული გზით ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო დაახლოებით 1.5 საათით შემცირდება.

დღესვე, მთავრობის თავმჯდომარემ კურორტ გოდერძიზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მოისმინა ინფორმაცია. იგეგმება თანამედროვე სტანდარტების ავტოსადგურის, მრავალფუნქციური ბაზრობა-გამოფენის კომპლექსისა და თოვლსატკეპნი ტექნიკის ანგარის მშენებლობა.

მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ხელს შეუწყობს კურორტ გოდერძის ოთხი სეზონის მანძილზე სრული დატვირთვის პერსპექტივის, ეკონომიკური აქტივობის ზრდის და რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას.

დღის ამბები