22 ივნისი 2026,   10:58
ვრცლად
როგორც საგარეო, ასევე საშინაო გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოში არსებობს, საყურადღებო და საინტერესო იქნება პრემიერ-მინისტრის ანგარიში - გურამ მაჭარაშვილი

მიმდინარე კვირის ბოლოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს. წერილობითი დოკუმენტი დეპუტატებს ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში გადაეგზავნათ. მასში საუბარია მთავრობის საქმიანობაზე და ინფორმაცია დარგების მიმართულებით არის მოცემული.

ანგარიშის მიხედვით, ქვეყანამ ეკონომიკური სტაბილურობა შეინარჩუნა. დოკუმენტში საუბარია მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც. აღნიშნულია, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა გეგმით მიმდინარეობს.

რაც შეეხება საგარეო კურსს, პრიორიტეტად კვლავ ევროკავშირთან ჰარმონიზაცია და NATO-ში ინტეგრაციაა დასახელებული. წარდგენილი დოკუმენტი გასული წლის პირველი ივნისიდან მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

ირაკლი კობახიძის მიერ წარსადგენ ანგარიშის შესახებ მოლოდინებს აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მსოფლიოში და საქართველოში არსებული გამოწვევების ფონზე, პრემიერ-მინისტრის ანგარიში საინტერესო იქნება.

"როგორც საგარეო, ასევე საშინაო გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოში არსებობს, საყურადღებო და საინტერესო იქნება ეს ანგარიში. ძალიან კარგად ვიცით, რომ ყოველდღიურად არსებობს მსოფლიოში გამოწვევები, მათ შორის, საქართველო მსოფლიოს ნაწილია. არსებობს შიდა პოლიტიკა, რომელიც ასევე დასარეგულირებელია და პრემიერ-მინისტრის ანგარიში იქნება საკმაოდ საინტერესო", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები