18 ივნისი 2026,   11:11
ვრცლად
განათლების მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

საბჭოს წევრებმა უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესები განიხილეს. აღინიშნა, რომ რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა, სახელმწიფო უნივერსიტეტებში უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე საქართველოს მოქალაქეებისთვის სწავლის სრულად დაფინანსების უზრუნველყოფა.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის დადგენილების პროექტი განიხილეს.

გივი მიქანაძის თქმით, ახალი მოდელი ეფუძნება ორკომპონენტიან სისტემას – საბაზო დაფინანსებასა და სახელმწიფო დაკვეთის შესრულებაზე დაფუძნებულ დაფინანსებას. როგორც მინისტრმა განაცხადა, ეს, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს სახელმწიფო უნივერსიტეტების ინსტიტუციურ მდგრადობასა და ფინანსურ ავტონომიას, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ხარისხზე, შედეგებსა და ეროვნულ პრიორიტეტებზე ორიენტირებული სისტემის განვითარებას.

აღინიშნა, რომ უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის პროექტის შემუშავების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა და საბჭოს წევრებმა რიგ საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივი გადაწყვეტილებები მიიღეს.

"ეს დოკუმენტი შემუშავდა მსოფლიო ბანკის პროექტის ექსპერტებთან ერთად და შეჯერებული პოზიციით წარვსდექით საუნივერსიტეტო საზოგადოების წინაშე, სადაც დეტალურად განვიხილეთ როგორც დათვლის მეთოდოლოგია, ასევე ის პრინციპები, რომლითაც განისაზღვრა დაფინანსების ახალი მოდელის კოეფიციენტი. განხილვამ დაადასტურა, რომ უნივერსიტეტების უდიდესი უმრავლესობისთვის არა თუ მისაღები, არამედ ისინი ცალსახად ამბობენ, რომ ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი", - აცხადებს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე. 

დღის ამბები