17 ივნისი 2026,   17:53
ვრცლად
ხორცის ადგილობრივი წარმოების გაძლიერება და ახალი სახელმწიფო პროგრამა: გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ფერმერებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი მეხორცული მიმართულების მსხვილფეხა პირუტყვის ფერმების წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე ხორცის სექტორის განვითარების, ადგილობრივი წარმოების გაძლიერებისა და დარგში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა ხორცის მიწოდების უწყვეტობის უზრუნველყოფაზე, ბაზრის სტაბილურობაზე, იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებასა და სექტორში თანამშრომლობის ეფექტიანი მექანიზმების ჩამოყალიბებაზე.

„შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა, რომელთა ნაწილი სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის რეაგირებას საჭიროებს. მნიშვნელოვანია, რომ სექტორმა მკაფიოდ ჩამოაყალიბოს საკუთარი მოთხოვნები და განვითარების ხედვა, რაც სახელმწიფოს ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ხორცის მიწოდების უწყვეტობის უზრუნველყოფა და სექტორის წარმომადგენელთა შესაძლო გაერთიანება, რაც დარგში თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაძლიერებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ლაშა ავალიანმა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა სექტორის წარმომადგენელთა კოორდინაციის გაძლიერების აუცილებლობას. აღინიშნა, რომ დარგის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად მნიშვნელოვანია ფერმერების, მსხვილი შემსყიდველებისა და სახელმწიფოს ერთობლივი მუშაობა. ამასთან, მონაწილეებმა იმსჯელეს ხორცის კატეგორიზაციის სისტემის განვითარებაზე, ფერმერთა გადამზადების შესაძლებლობებზე, საბრუნავი კაპიტალის ხელმისაწვდომობაზე, ადგილობრივი წარმოების წახალისების მექანიზმებსა და სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებზე.

„ხორცის წარმოების მთავარი გამოწვევა დღეს ადგილობრივი პირუტყვის რაოდენობის შემცირებაა. მნიშვნელოვანია ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც ფერმერს წარმოების გაზრდისა და პროდუქციის სტაბილური რეალიზაციის მოტივაციას მისცემს. სახელმწიფოსა და სექტორის ერთობლივი ჩართულობით შესაძლებელი იქნება ადგილობრივი წარმოების ზრდა, სოფლის გაძლიერება და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება“, - აღნიშნა ფერმერმა ბექა გონაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება აგროთანადაფინანსების ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი მეხორცული მიმართულების განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისი ინვესტიციების მხარდაჭერაა.

დღის ამბები