"საქართველოს რკინიგზის" საქმეზე 6 დაკავებულს, ყოფილ ხელმძღვანელ, დავით ფერაძეს, ასევე კიდევ ერთ პირს დაუსწრებლად, ბრალდება წარედგინათ. დღესვე სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
სუს-ის ანტიკორუფციული სამსახურის გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები გაყალბებული დოკუმენტებით 22 000 ტონაზე მეტ შავ ლითონს დაეუფლნენ, რითაც "საქართველოს რკინიგზას" დიდი ოდენობით 17 მილიონ ლარზე მეტი მატერიალური ზიანი მიადგა.
გიორგი კურტანიძის ადვოკატი დიანა გვიშიანი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.
"დავესწარით ბრალის წარდგენას, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. ძალიან დიდი საქმეა და დეტალურად გაცნობა ვერ მოვასწარით, თუმცა საქმის გაცნობის შემდეგ გვექნება ბრალთან მიმართებით ჩვენი პოზიცია", - აცხადებს დიანა გვიშიანი.
ალექსანდრე ტორიაშვილის ადვოკატის გიორგი ლაღიძის თქმით, ბრალს არც მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გახლავთ შპს "ჯარდექსას" დირექტორი ალექსანდრე ტორიაშვილი, მას წარუდგინეს ბრალი. ის იყენებს დუმილის უფლებას და პირდაპირ გეტყვით, რომ ის ბრალს არ აღიარებს.
დანარჩენ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ვინაიდან გაუთქმელობის ხელწერილი მაქვს დაწერილი. გარკვეული მტკიცებულებები ბუნებრივია პროკურატურას აქვს, მაგრამ ამას შევაფასებთ სასამართლოზე", - აცხადებს ადვოკატი.