ყველა ფრონტზე ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, ჰორმუზის სრუტის გახსნა და ისლამური რესპუბლიკის ბირთვული პროგრამის გადახედვა არის სწორედ ის პირობები, რომლებმაც ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულება ორთვიან ვადაში უნდა უზრუნველყოს.
შეთანხმებული დოკუმენტის ოფიციალური ტექსტი არც თეირანს და არც ვაშინგტონს ამ დრომდე არ გაუსაჯაროებიათ, თუმცა ცნობილია, რომ მხარეები სამშვიდობო პროექტზე ხელის მოსაწერად 19 ივნისს, შვეიცარიაში, ერთმანეთის პირისპირ დასხდებიან.
თეირანისა და ვაშინგტონის სამშვიდობო პროცესის წარმატების შესახებ პირველი განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გაავრცელა. დონალდ ტრამპმა სამხედრო-საზღვაო ძალებს ირანულ პორტებზე ბლოკადის მოხსნა უბრძანა და მსოფლიოს მთავარი ენერგეტიკული არტერიის გახსნა დააანონსა. კრიზისის მოგვარებაში გაწეული დახმარებისთვის კი, მადლობა გადაუხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარეს სი ძინპინს და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს.
ტრამპის განცხადებებს მალევე მოჰყვა თეირანის შეფასებაც. გაირკვა, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმი 14 პუნქტისგან შედგება და საბოლოო შეთანხმება ირანისთვის დაწესებული სანქციების გაუქმებას და ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას ითვალისწინებს.
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ოფიციალურ განცხადებაში ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს მხარეებს შორის ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას და კონფლიქტის გრძელვადიან მოგვარებას.