15 ივნისი 2026,   16:59
ვრცლად
კახა კალაძე: პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობა "აკერმანის" სახელმძღვანელოდანაა, თუმცა იმას ვერ ხვდებიან, რომ ეს მეთოდები დაძველდა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მაშინ, როცა სახელმწიფოს მხრიდან მოხდა დანაშაულის აღკვეთა, საპროტესტო აქციის გამართვა არის პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობა. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, პოლიციელების მხრიდან ძალადობის კონკრეტულ ფაქტზე, რომელიც ერთ-ერთმა მედიასაშუალებამაც გაავრცელა, სახელმწიფო უწყებებს ჰქონდათ მყისიერი რეაგირება, დანარჩენს კი გამოძიება დაადგენს.

„პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობა არ არის პირველი შემთხვევა. ეს არის „აკერმანის“ სახელმძღვანელოდან და ამის მიხედვით მოქმედებენ. იმას ვერ ხვდებიან, რომ ეს მეთოდები დაძველდა და ყველაფერი გაშიფრულია. როდესაც ხდება კონკრეტული დანაშაული, ამას სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება ყოველთვის აქვს და ეს მომავალშიც გაგრძელდება.

რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო ამ კადრების ნახვა. მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფოსგან მყისიერი რეაგირება მოჰყვა და ყველა დამნაშავე დაკავებულია. უწყებაში 40 000-მდე პოლიციელია. არსებობს კანონი - ვინც დანაშაულს ჩაიდენს, რა თანამდებობის პირიც უნდა იყოს, მოჰყვება რეაგირება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, დაკავებულებს ბრალი უნდა დაუმძიმდეთ თუ არა, კახა კალაძის თქმით: „მე არ ვარ პროკურორი, ამ შეკითხვას რომ მისვამთ. არსებობს შესაბამისი უწყება, რომელიც უფრო კომპეტენტურად გიპასუხებთ აღნიშნულ კითხვაზე. შეგიძლიათ მიმართოთ და მიიღებთ პასუხს. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დანაშაული უნდა აღიკვეთოს და მოჰყვეს რეაგირება“.

დღის ამბები