14 ივნისი 2026,   16:32
ვრცლად
ირანის განცხადებით, აშშ-თან შეთანხმების პროექტი მოიცავს ნავთობის სანქციების მოხსნას, ბირთვული იარაღის შეზღუდვებს და აქტივების განთავისუფლებას

ირანის მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთგაგების მემორანდუმის საბოლოო პროექტი მოიცავს საკითხების ფართო სპექტრს, თეირანის ბირთვული პროგრამიდან დაწყებული, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნითა და აშშ-ის ნავთობის სანქციების მოხსნით დამთავრებული.

მისი განმარტებით, საბოლოო შეთანხმება განიხილება ორივე მხარის მიერ, შეთანხმების მიღწევიდან 60 დღის განმავლობაში.

გამოცემა Reuters-ი წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას გვთავაზობს, რომელიც შეთანხმების დეტალებს ეხება. 

ჰორმუზის სრუტე:

ირანი დაუყოვნებლივ გახსნის ჰორმუზის სრუტეს ყველა კომერციული გემისთვის, ხოლო შეერთებული შტატები მოხსნის ირანის პორტების საზღვაო ბლოკადას. აშშ-ის ბლოკადის მოხსნა დაიწყება მემორანდუმის ხელმოწერისთანავე და დასრულდება 30 დღის განმავლობაში.

ფინანსური ინფორმაცია:

ამერიკის შეერთებული შტატები თანხმდება, რომ საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები არ დააწესოს.

საბოლოო შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და გაეროს ყველა სანქცია შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად მოიხსნება.

აშშ ირანის წინააღმდეგ ნავთობის სანქციებს გარკვეული პერიოდით გააუქმებს, რაც თეირანს ნავთობის გაყიდვისა და შემოსავლის გენერირების საშუალებას მისცემს.

აშშ თანხმდება გაათავისუფლოს ირანის გაყინული აქტივების 25 მილიარდი დოლარი, მათ შორის, პირდაპირი ფულადი გზავნილების, რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და საკრედიტო ხაზების მეშვეობით.

ვაშინგტონი, თავის რეგიონულ მოკავშირეებთან კოორდინაციით, მოამზადებს ირანის რეკონსტრუქციისა და განვითარების გეგმას, რომელიც თეირანთან 60 დღის განმავლობაში შეთანხმდება.

ბირთვული იარაღი:

თეირანი თანხმდება, რომ ბირთვულ იარაღს არც შექმნის და არც შეიძენს.

საბოლოო შეთანხმების მიღწევის მოლოდინში, ირანი შეინარჩუნებს თავისი ბირთვული პროგრამის ამჟამინდელ სტატუსს, თავს შეიკავებს ურანის შემდგომი გამდიდრებისა და ბირთვული ობიექტების გაფართოებისგან.

შეერთებული შტატები თანხმდება, რომ ირანს მომავალი ყოვლისმომცველი შეთანხმების ფარგლებში მისცეს ნება, შეამციროს ირანის ტერიტორიაზე არსებული მაღალგამდიდრებული ურანის მარაგი.

ირანის ბირთვული პროგრამა, ურანის გამდიდრების საქმიანობა და მაღალგამდიდრებული ურანის მარაგების მართვის ღონისძიებები, მემორანდუმის ხელმოწერიდან 60 დღის განმავლობაში განიხილება და საბოლოო შეთანხმებაში შევა.

დღის ამბები