09 ივნისი 2026,   15:00
ვრცლად
რიმა ბერაძე ოპოზიციაზე: მათ ვერ მოიპოვეს მთავარი - ხალხის ნდობა და პატივისცემა იმიტომ, რომ არ უყვართ საკუთარი ერი და ქვეყანა

„ბოლო კვირებია, ხელოვნურად გაერთიანებულ ოპოზიციაში ჩვეული დაპირისპირებების მომსწრენი ვართ. ბევრჯერ გვინახავს, ფანჩატურებში გაერთიანებულები საჯაროდ როგორ უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. ახლაც იგივე სურათი მეორდება. ამ ადამიანებს იმდენად სწყურიათ ძალაუფლება, რომ ამ წყურვილს ერთმანეთის ლანძღვით იკმაყოფილებენ. ერთმანეთის კონკურენციით შეშინებულები, ხან „დიდ ბელად მიშას“ აკრიტიკებენ და ხან ერთმანეთს ინგლისური ენის ცოდნას უწუნებენ. მთელ დროს ერთმანეთის ლანძღვაში და ფეისბუკ პოსტებით პასუხის-პასუხში ატარებენ“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რიმა ბერაძემ.

მან ოპოზიციას მოუწოდა, ერთმანეთის ლანძღვის ნაცვლად, მეტი იფიქრონ იმაზე, თუ რას არ აკეთებენ სწორად.

„რამდენიმე ხნის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სატელევიზიო ეთერში რიტორიკულად იკითხა, ნეტავ, რას ვერ ვაკეთებთ სწორადო? მოვუწოდებდი ჩვენს ე.წ. ოპოზიციას, ერთმანეთის ლანძღვის ნაცვლად, იქნებ ფანჩატურში დასხდნენ და ამაზე მეტი იფიქრონ. მათ გარდა ყველა მიხვდა, რას არ აკეთებენ სწორად. მათ ვერ მოიპოვეს მთავარი - ხალხის ნდობა და პატივისცემა იმიტომ, რომ არ უყვართ საკუთარი ერი და ქვეყანა. იმიტომ, რომ აწყობენ ხელოვნურ პროტესტებს, ახალგაზრდებს წირავენ ფიზიკური დაპირისპირებებისთვის, პატიმრობისთვის, მომავლის განადგურებისთვის... მაშინ, როცა თავიდანვე იციან, რომ პროტესტი ხელოვნურია და არსად მსოფლიოში ხელოვნურად გამოწვეულ პროტესტს რევოლუცია არ მოუტანია. ისინი, უბრალოდ, სარგებლობენ ახალგაზრდების პოლიტიკური გამოუცდელობით, საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ. ისინი არ არიან გულწრფელები საკუთარი მომხრეების წინაშეც კი იმიტომ, რომ მტრობენ საკუთარ ქვეყანას და ასრულებენ გარე ძალების დავალებებს“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.

მისი თქმით, ამის პარალელურად, მმართველი გუნდის წარმომადგენლები პარლამენტიდან აქტიურად მუშაობენ დედაქალაქსა და რეგიონებში, ყოველდღიურად ხვდებიან მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს, უსმენენ და ესაუბრებიან მათ.

„ვიცით, რა აწუხებს ჩვენს ხალხს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ვმუშაობთ ამ საკითხების მოსაგვარებლად. სწორედ ამას არ აკეთებთ თქვენ, რადგან არ გიყვართ საკუთარი სამშობლო და ხალხი. ამიტომ არის თქვენი ბოლოდროინდელი პოლიტიკური რეიტინგი ასე დაბალი და უპერსპექტივო. ჩვენი ე.წ. ოპოზიცია დარჩა იქ, სადაც მისი ადგილია. ჩვენ კი ქვეყანაში წარმატებული საქმიანობის ახალ-ახალი მაგალითები გვაქვს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ.

მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარეობს განათლების რეფორმა, შენდება ახალი სკოლები და საბავშვო ბაღები. „სასწავლო წელი წარმატებით სრულდება და წელს ბევრად მეტი წარჩინებული მოსწავლეა ქვეყანაში, ვიდრე შარშან იყო. უმჯობესდება სასწავლო ინფრასტრუქტურა, სწავლების ხარისხი და ეს შედეგებზე აისახება. ასევე, გრძელდება სკოლებისა და ბაღების მშენებლობა და ახალ სასწავლო წელს კიდევ უფრო მეტი განახლებული სასწავლო დაწესებულება შეემატება ქვეყანას“, - აღნიშნა რიმა ბერაძემ.

მისი თქმით, დაიწყო ურთიერთობების გადატვირთვა და გაუმჯობესება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ქვეყანაში სიმშვიდეა და ის სტაბილურად ვითარდება. ხელისუფლება ასრულებს ასოცირებასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს და აგრძელებს სვლას ევროინტეგრაციის გზაზე.

„ევროპული ბიუროკრატების პირობებში, ხშირად ეს გზა ცალმხრივი ყოფილა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მასზე სვლა არ შეგვიწყვეტია. ეს ის გზაა, რომელსაც ქართველი ხალხი ადგას არჩეულ ხელისუფლებასთან ერთად. ამ ერთობით კიდევ ბევრ გამარჯვებას ვიზეიმებთ! ეს არის ის ნამდვილი ერთობა, რომელიც ქვეყნის შიგნიდან მომდინარეობს, ხალხის გულებიდან მოდის და არა უცხოელი დამკვეთებისგან. სიმართლის მხარეს დგომა და ეროვნული ინტერესების დაცვა - ეს არის ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების ამდენწლიანი ერთობის მტკიცე საფუძველი. გვჯერა, სწორედ ამ ერთობით, საქართველო და ქართველი ხალხი მეტ გამარჯვებებს მოიპოვებს“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.

დღის ამბები