08 ივნისი 2026,   17:55
ვრცლად
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამმხრივი ფორმატი გვაძლევს შესაძლებლობას, საერთო ინტერესების განსახორციელებლად კოორდინირებულად ვიმუშაოთ - მაკა ბოჭორიშვილი

წლების განმავლობაში ჩვენმა თანამშრომლობამ ნათლად აჩვენა, რომ ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული პარტნიორობა მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ისე მთელი რეგიონისთვის, – ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა სტამბოლში თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი წლების განმავლობაში წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენდნენ.

"დიდ მადლობას გადავუხდი ჩემს კოლეგას, ძვირფას ჰაკან ფიდანს, საგარეო საქმეთა მინისტრს და მის გუნდს ამ ულამაზეს ქალაქში შესანიშნავი მასპინძლობისთვის. დღეს თურქეთის ქალაქ სტამბოლში საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, ძვირფას კოლეგებთან ერთად, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო პოლიტიკური დიალოგი, ურთიერთნდობა, თანამშრომლობის სტრატეგიული მნიშვნელობა. დღეს აქ შევიკრიბეთ არა მხოლოდ სამი სახელმწიფოს წარმომადგენლები, არამედ როგორც პარტნიორები, რომელსაც აერთიანებს მშვიდობის, კეთილდღეობისა და განვითარების საერთო ხედვა. წლების განმავლობაში ჩვენმა თანამშრომლობამ ნათლად აჩვენა, რომ ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული პარტნიორობა მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ისე მთელი რეგიონისთვის. საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი წლების განმავლობაში წარმოადგენდნენ წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს, რომელიც ეფუძნება თანასწორობას, ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესების გათვალისწინებას. ჩვენი პარტნიორობის წარმატებას ადასტურებს არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული თუ სატრანსპორტო პროექტი, რომლებიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის არის მნიშვნელოვანი. წლების განმავლობაში, სამმხრივი ფორმატი რეგიონული თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და წარმატებული მექანიზმი გახდა. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ ამ კარგი თანამშრომლობის პრაქტიკული შედეგები. თანამედროვე საერთაშორისო გარემოში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, სამმხრივი ფორმატი გვაძლევს შესაძლებლობას, საერთო ინტერესების განსახორციელებლად, კოორდინირებულად ვიმუშაოთ. დღეს, კოლეგებთან ერთად, განვიხილეთ რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის განვითარების, გაძლიერების პერსპექტივები. ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც ასახულია ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. საქართველოს თურქეთთან და აზერბაიჯანთან აკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა, მრავალმხრივი თანამშრომლობა“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები