08 ივნისი 2026,   16:01
ვრცლად
მაქსიმალურად ხდება ისეთ საკითხებზე ზეწოლა, რომელსაც ევროკავშირთან არანაირი პირდაპირი და, ხშირ შემთხვევაში, არც ირიბი კავშირში არ გააჩნია - ირაკლი ქადაგიშვილი ვიზალიბერალიზაციაზე

მორიგი შანტაჟი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მუქარით - ასე აფასებს "ქართული ოცნება" 11 ივნისს, ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრას.

მმართველი გუნდის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ტექნიკური ხასიათისაა, ევრობიუროკრატების მხრიდან შანტაჟი გრძელდება.

"მაქსიმალურად ხდება ისეთ საკითხებზე ზეწოლა, რომელსაც ევროკავშირთან არანაირი პირდაპირი და, ხშირ შემთხვევაში, არც ირიბი კავშირში არ გააჩნია. მაგრამ, რომელიც ემსახურება იმას, რომ საქართველოს მდგომარეობა რამენაირად დამძიმდეს. საქართველოს შესაძლებლობები, რომ მსოფლიოსთან აწარმოოს უფრო ფართო კომუნიკაცია, იყოს შეზღუდული. კიდევ გვეუბნებიან, რომ აბსოლუტურად მიუღებელია ბრიუსელისათვის, საქართველოში იყოს გამჭვირვალობა ყველგან და ყველაფერში. სწორედ ეს არის ის პრობლემა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს პირდაპირ ვიზალიბერალიზაციასთან. მაგრამ, პოლიტიკური ზეწოლის იარაღის საკითხი ამ შემთხვევაში წინა პლანზეა წამოწეული", - განაცხადა  პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველოს საგარეო უწყების განმარტებით, ევროკავშირის სავიზო რეგულაციის თანახმად, შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში, ევროკომისიამ შესაბამის მესამე ქვეყანასთან უნდა დაიწყოს დიალოგი. ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მოწვევით, ხუთშაბათს, ბრიუსელში საქართველოს მხარესა და ევროკომისიას შორის დიალოგის პირველი შეხვედრა გაიმართება.

დღის ამბები