ამბობენ, რომ თოჯინებს სული აქვთ, როცა მას სიყვარულით ქმნიან. თოჯინები სწორედ ასე დაიბანდნენ, ქართველი ოსტატების ხელებში, ძველ სახელოსნოებში. თითოეული მათგანი ერთადერთი და უნიკალურია.
ძვირფასია ყველა დეტალი, სამოსი, მასალა, ფერები. განსაკუთრებით კი პირადი ისტორიები.
ზღაპარს წარმოსახვითი გმირები არ ჰყავს, ისინი აქ არიან, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულები.
მთავარი მასპინძელი ქართული საავტორო თოჯინა თინათინია, რომელმაც თავის სივრცეში დაყოფილი სამყარო გააერთიანა. ტრადიციები და მსოფლიო კულტურა ჰარმონიულად გადაკვეთა.
1937 წელს თბილისში, ყოფილი ათაბეგოვის, დღევანდელ ზუბალაშვილების ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღის შენობაში სათამაშოების მუზეუმი გაიხსნა. ავტორი საბავშვო მწერალი და ქართველი პედაგოგი თინათინ თუმანიშვილი იყო. იდეამ, რომ ქართული ხასიათის თოჯინები შექმნილიყო, მხატვრები, ინჟინერ-მექანიკოსები და მკვლევრები გააერთიანა. ეთნოგრაფიული ექსპედიციების შედეგად, მუზეუმისთვის შექმნეს ფიგურები, რომლებიც ბავშვის ესთეტიკურ აღქმას ჩამოაყალიბებდა.
დღემდე ამოუხსნელ საიდუმლოდ რჩება ტექნიკა, რომელსაც ქართველი ოსტატები იყენებდნენ. თითოეულ ნაკვთში განსაკუთრებული სიზუსტე იგრძნობა - თვალის ერთი შტრიხი, ხელების მოძრაობა, ღიმილი, ის, რაც ცოცხლად გადააქცევს.
სამუზეუმო ექსპონატები დროებით ბინას თბილისში, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში დაიდებენ. დამთვალიერებლების მოლოდინში თოჯინები დაუკრავენ, იცეკვებენ, ბევრს იცინებენ, თავიანთ ტრადიციებს, ამბებს, ერთ ჯადოსნურ ზღაპრად მოჰყვებიან.