07 ივნისი 2026,   23:12
ვრცლად
მორიგი საშიში ტრენდი ინტერნეტ სივრცეში - "თამაში", რომელიც ბავშვების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის

სახიფათო თამაშის ტრენდმა, რომლის დროსაც არასრულწლოვნები ერთმანეთს გონებას მიზანმიმართულად აკარგვინებენ, მსოფლიო მოიცვა. ბავშვები ამ ბოროტ ხუმრობას მობილური ტელეფონებით იღებენ და სოციალურ ქსელებში ავრცელებენ.

ტრენდს, რომელსაც თამაშთან რეალურად არაფერი აქვს საერთო, უკვე ათობით მსხვერპლი და ასობით დაშავებული ჰყავს. მას სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელი აქვს. გამონაკლისი არც საქართველოა, თუმცა რეპორტაჟში მის სახელსა და წესებს შეგნებულად არ ვაჟღერებთ.

მოზარდების გარკვეული ჯგუფების ამ სახიფათო ინტერესის მძიმე შედეგებზე ექიმები საუბრობენ. თამაშს საქართველოშიც არაერთი დაზარალებული ჰყავს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ოფიციალური სტატისტიკის მიღმა რეალური მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, რადგან ბავშვები ხშირ შემთხვევაში ამ ბოროტი ხუმრობისა და მისი შედეგების შესახებ არაფერს ამბობენ.

საშიში თამაშის საფრთხე გავრცელებულ ვიდეოებშიც ჩანს. ჩანს გონების დაკარგვისა და დაცემის შედეგად მიღებული ტრავმებიც, თუმცა ექიმები გაცილებით მძიმე და შეუქცევად შედეგებზე საუბრობენ.

სახიფათო თამაშის სამიზნე ჯგუფს, ძირითადად, 11-14 წლის სკოლის მოსწავლეები წარმოადგენენ და მათ შორის, უფრო ხშირად, ბიჭები არიან.

თამაშის გავრცელებასთან ერთად განგაში სკოლების ადმინისტრაციებმაც ატეხეს. პრევენციულ ღონისძიებებსა და გამოსავლის გზებზე საუბარი მშობლებმაც დაიწყეს.

ფსიქოლოგები განმარტავენ, რა მიზეზებით შეიძლება გახდეს მოზარდი საკუთარი სურვილით მსგავსი საშიში ქმედების მონაწილე.

სპეციალისტები გამოსავალს ბავშვების ინფორმირებულობასა და მათთან სწორ კომუნიკაციაში ხედავენ. ისინი სოციალური ქსელების მომხმარებლებსაც მოუწოდებენ, მსგავსი შინაარსის ვიდეორგოლები არ მოიწონონ და არ დატოვონ კომენტარები, რადგან პლატფორმების ალგორითმები ასეთ კონტენტს დამატებით პოპულარობას ანიჭებს და მის გავრცელებას უწყობს ხელს.

დღის ამბები