07 ივნისი 2026,   22:18
ვრცლად
უკანონო კრიპტომაინინგის პრევენციის მიზნით მესტიაში გამრიცხველიანება დაიწყება - ადგილობრივებისთვის ელექტროენერგია უფასო იქნება, თუმცა დაწესდება სამომხმარებლო ლიმიტი

ადგილი, სადაც მთები ისტორიას ჰყვებიან. დათოვლილი მწვერვალების, ცაში აზიდული სვანური კოშკების და უძველესი კულტურის სინთეზი - ბუნებამ მესტიისთვის არაფერი დაიშურა, თუმცა მისი სიდიადე მხოლოდ ბუნებრივი სიმდიდრე არ არის, ეს პასუხისმგებლობაცაა, რომ საერთო სიკეთე პირად ინტერესებს არ შეეწიროს.

ასე ხდებოდა ამ შემთხვევაშიც, მესტიის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას ელექტროენერგია წლებია უფასოდ მიეწოდება, მოსახლეობა გამრიცხველიანებული არ ყოფილა. ამ სიკეთით კი, ბევრი უკანონოდ სარგებლობდა. სქემა მას შემდეგ გაიშიფრა, რაც მუნიციპალიტეტში დენის კოლოსალური მოხმარება დაფიქსირდა, მაგალითად 2025 წელს, მხოლოდ მესტიაში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობამ 133 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა, ეს კი თითქმის 13-ჯერ მეტია მსგავსი ტიპის სხვა მუნიციპალიტეტთან შედარებით. მიზეზი, უკანონო კრიპტომაინინგია. დანაშაულის აღმოფხვრის, ენერგოსისტემისა და კერძო სექტორის დაცვის მიზნით, ხელისუფლებამ სიახლეები დააანონსა.

მესტიის მუნიციპალიტეტში შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. სამართალდამცველებმა ასობით ე.წ. კრიპტომაინერები, ნივთმტკიცებად, რამდენიმე მისამართიდან ამოიღეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მოწყობილობებით ადგილობრივები სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას.

კრიპტომაინერი სპეციალიზებული კომპიუტერული სისტემაა, რომელიც კრიპტოვალუტის მოსაპოვებლად და ბლოკჩეინ ქსელის მუშაობის უზრუნველსაყოფად გამოიყენება და დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს. უფასო ელექტროენერგიამ კრიპტომაინინგი წაახალისა. მაინინგის გამო ელექტროენერგიის მზარდი მოხმარება, რომელსაც ქსელი ვერ უძლებს, წლების განმავლობაში დიდ პრობლემას ქმნიდა.

უკანონო კრიპტომაინინგის პრევენციის მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებას გამრიცხველიანებასა და მოხმარების ლიმიტის დაწესებაზე ადგილობრივი მოსახლეობა მიესალმება. რთული კლიმატის პირობებში, მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის უწყვეტად და უხარვეზოდ მიწოდებას რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ამას სვანეთში მცხოვრებლები ღიად ამბობენ. მესტიის მუნიციპალიტეტში იმ კონკრეტულ პრობლემებზე საუბრობენ, რასაც ადგილობრივებს უკანანო პროცესები უქმნიდა.

მარიამ მამულაშვილი მესტიაში საოჯახო ტიპის სასტუმროს ფლობს, თუმცა ელექტროენერგიის ხშირად გათიშვის გამო, მისი სტუმრები უკმაყოფილებას ხშირად გამოთქვამდნენ. მთავრობის ინიციატივას გამრიცხველიანების შესახებ კერძო სექტორიც სრულად იზიარებს. ფიქრობენ, რომ მოსახლეობისთვის უფასო ელექტროენერგიაზე გონივრული ლიმიტი უნდა დაწესდეს.

სვანეთში მოძველებული გადამცემი ხაზები და მრიცხველები სრულად უნდა განახლდეს. პროცესს მონიტორინგს სემეკი გაუწევს. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას მესტიაში არსებული პრობლემები უკვე შესწავლილი აქვს.

სემეკ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივებთან არაერთი შეხვედრა გამართა. დავით ნარმანიას განცხადებით, რადგან რეგიონი კრიპტოვალუტის უკანონო გამომუშავების საბადოდ იქცა, გამრიცხველიანება და სამომხმარებლო ტარიფის დაწესება გარდაუვალია.

ადგილობრივებისთვის ელექტროენერგია ისევ უფასო იქნება, ხოლო ვინც კომერციული საქმიანობით არის დაკავებული, მაგალითად ისეთით, როგორიც კრიპტომაინინგია, კომერციულ ტარიფს გადაიხდის.

ქვეყნის ენერგეტიკული სისტემისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვა - გადაწყვეტილება, რომ ამ მიზნებს ემსახურება, ამას ეკონომიკის სამინისტროშიც განმარტავენ. მინისტრის მოადგილ, ინგა ფხალაძე აცხადებს, რომ ისეთი ტურისტული ადგილისთვის, როგორიც მესტიაა, უწყვეტი ელექტრომომარაგება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების დარეგულირებით სახელმწიფო 20 მილიონ ლარს დაზოგავს. პრემიერ-მინისტრმა მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის კოლოსალურ მოხმარებაზე ისაუბრა. ეს მაჩვენებელი წლიურად 15 მუნიციპალიტეტის საერთო მოხმარებას უტოლდება. მთავრობის მეთაურის განცხადებით, გამრიცხველიანებამ უკანონო პროცესი სამართლებრივ ჩარჩოში უნდა მოაქციოს.

მესტიის მუნიციპალიტეტში გამრიცხველიანება უახლოეს პერიოდში დაიწყება. ადგილობრივებისთვის ელექტროენერგია უფასო იქნება, სამომხმარებლო ლიმიტმა კი, უკანონო პროცესები უნდა აღმოფხვრას.

დღის ამბები