07 ივნისი 2026,   16:49
ვრცლად
"თუ შეხედავთ ჩვენს ანგარიშს 2021 წლიდან, კამპანია იყო ძალიან პოლარიზებული, სიტუაცია უფრო დამძიმებულია, გააქტიურებულია უხეში სასაუბრო სტილი, გამოიყენება სიძულვილის ენა" - ეუთოს დამკვირვებელი სომხეთის არჩევნებზე

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 11:00 საათის მონაცემებით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 362 657-მა მოქალაქემ, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 14,48%-ია.

სომხეთში არსებულ ვითარებას ეუთოს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის სპეციალური კოორდინატორი და ხელმძღვანელი აფასებს. ეუთოს შეფასებით, ქვეყანაში პოლარიზაცია გაღრმავებულია, გახშირებულია სიძულვილის ენის გამოყენება, ხოლო კონკრეტული პირების დაკავებებთან დაკავშირებით არსებობს კითხვები მათი სამართლებრივი საფუძვლისა და შესაძლო შერჩევითი მიდგომის შესახებ.

"თუ შეხედავთ ჩვენს ანგარიშს 2021 წლიდან, კამპანია იყო ძალიან პოლარიზებული. ჩვენი დაკვირვებით, სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმებულია, გააქტიურებულია უხეში სასაუბრო სტილი, გამოიყენება სიძულვილის ენა. პოლარიზაცია პიკს აღწევს. რაც შეეხება სამართალდამცავი უწყებების მოქმედებას და კონკრეტული პირების დაკავებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გავარკვიოთ, აქვს თუ არა ამას სამართლებრივი საფუძველი. თუმცა, რასაც ადამიანები გვეუბნებიან, დაკავებები შერჩევითია, ჩვენს შეშფოთებას იწვევს", - ეუთოს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის სპეციალური კოორდინატორი და ხელმძღვანელი ფარა ქარიმი.

ცნობისთვის, არჩევნებში მონაწილეობს მოქმედი პრემიერი და მისი პარტია. ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს იყრის "ძლიერი სომხეთის" წარმომადგენელი, სამველ კარაპეტიანი, რომელსაც შინა პატიმრობა აქვს მისჯილი, "სომხეთის ალიანსი" და მისი ლიდერი, ასევე სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და გაგიკ წარუკიანის "სომხეთის კეთილდღეობა".

არჩევნები დაკავებებისა და ჩხრეკების ფონზე მიმდინარეობს - სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, დაკავებულია ერევნის ყოფილი მერი და ყოფილი მინისტრი, გაგიკ ბეგლარიანი, რომელიც ბრალდებულია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ფულის გათეთრებაში. საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, საგამოძიებო კომიტეტმა დააკავა ოპოზიციური პარტიის, "ძლიერი სომხეთის" დეპუტატობის ექვსი კანდიდატი. უსაფრთხოების სამსახური დილიდან ჩხრეკას ატარებს "ძლიერი სომხეთის" შტაბ-ბინასა და ადამიანის უფლებათა დამცველ კარაპეტ პოღოსიანის ბინაშიც.

დაკავებულია დეპუტატობის კანდიდატი ჰასმიკ საჰრადიანიც. ძირითადი ბრალდება რამდენიმე პირის მატერიალურ წახალისებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრებას უკავშირდება. ამავდროულად ცნობილი ხდება, რომ სომხეთის ქალაქ გიუმრიში დილიდან ჩხრეკა და დაპატიმრებები დაიწყო.

სულ სომხეთში დაკავებულია ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებული 100-მდე პირი. 

დღის ამბები