07 ივნისი 2026,   16:48
ვრცლად
"ჩვენი ბავშვები ეზიარნენ, ლოცავს პატრიარქი და შეიძლება ვთქვათ, რომ როგორც ხორციელად, ასევე სულიერად, ჩვენი ბავშვები გაძლიერდნენ დღეს" - დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო III-მ სამების საკათედრო ტაძარში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები და მათი ოჯახის წევრები აზიარა და დალოცა.

მშობლების განცხადებით, პატრიარქთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების შემდეგ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. მათი თქმით, ბავშვები უახლოეს პერიოდში საჭირო მკურნალობას მიიღებენ.

"ჩვენი ბავშვები დღეს ეზიარნენ, ჩვენს ბავშვებს ლოცავს პატრიარქი და შეიძლება ვთქვათ, რომ როგორც ხორციელად, ასევე სულიერად, ჩვენი ბავშვები გაძლიერდნენ დღეს“, - აცხადებს მშობელი კახა წიქარიშვილი.

"დაახლოებით 3 კვირის წინ მიგვიღო საქართველოს პატრიარქმა, მოისმინა ბოლომდე ჩვენი პოზიცია, ესწრებოდნენ სინოდის წევრები. ძალიან ბევრი კითხვა ჰქონდათ, მიღება იყო ძალიან თბილი. შევხვდით ასევე ბატონ პრემიერს, ირაკლი კობახიძეს, მოისმინა ჩვენი ინფორმაცია, მანაც განაცხადა, რომ უკვე სრულად ჰქონდა ინფორმაცია აღნიშნულ დაავადებაზე, მედიკამენტებზე და გადაწყდა ის, რომ ორი მედიკამენტით იქნება უზრუნველყოფილი უახლოეს პერიოდში“, - აცხადებს მშობელი ზაქარია გვიშიანი.

ცნობისთვის, იშვიათი დაავადების მქონე ბავშვები და მათი მშობლები ტაძარში დილიდან იმყოფებოდნენ. დღეს, 18:00 საათზე, რუსთაველის მეტროდან მთავრობის ადმინისტრაციამდე სამადლობელი მარშიც გაიმართება. მშობლები და ბავშვები მადლობას გადაუხდიან ყველას, ვინც მათთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პროცესში მონაწილეობდა.

რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები სახელმწიფოსგან მედიკამენტებს მიიღებენ. უკვე შერჩეულია კონკრეტული პრეპარატები, ხოლო სამუშაო ჯგუფი ორი მედიკამენტის შესყიდვაზე მუშაობს. აღნიშნული პრეპარატები პაციენტებისთვის, სავარაუდოდ, დაახლოებით ორ თვეში გახდება ხელმისაწვდომი.

დღის ამბები