06 ივნისი 2026,   22:50
ვრცლად
ყველაფერი ის, რაც დროს არ ემორჩილება და თაობიდან თაობას გადაეცემა - 9 ივნისს, მსოფლიო არქივების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

ლიდა გერლიანი ქვეყნის უახლესი წარსულის ერთ-ერთი მცველია. მისი ხელით, ადამიანების ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიები და მთავარი თარიღები აღიბეჭდა.

არქივების საცავების მრავალსართულიან თაროებზე შენახული თითოეული ფურცელი პიროვნების ისტორიაა. ყველაფერი ის, რაც დროს არ ემორჩილება და თაობიდან თაობას გადაეცემა.

ის, რაც ერთი შეხედვით უბრალო საარქივო წიგნი გგონიათ, სინამდვილეში ათწლეულების განმავლობაში შექმნილი ქვეყნის მეხსიერების საცავია.

დაბადების, ქორწინების, განქორწინების, შვილად აყვანის, გარდაცვალების, სახელისა და გვარის შეცვლის - სამოქალაქო აქტების ცენტრალურ არქივში ჩანაწერები 1947 წლიდან ინახება.

საარქივო საცავებში თავმოყრილი მასალა არა მხოლოდ ადამიანების პირად ისტორიებს, არამედ ქვეყნის უახლეს წარსულსაც ასახავს. დოკუმენტებში შემონახულია ცნობები სხვადასხვა დროის ქალაქების, სოფლების, დაბებისა და ქუჩების ძველი, შეცვლილი ზოგჯერ მივიწყებული სახელებიც კი.

საინფორმაციო-სამისამართო ბიურო 1945 წლიდან ფუნქციონირებს. ბიუროს საცავში, პიროვნებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა დოკუმენტთან ერთად, დაცულია მოქალაქეთა სარეგისტრაციო მონაცემები.

მოქალაქეს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია სად არის რეგისტრირებული, რამდენი პირადობის მოწმობა და პასპორტი აქვს აღებული. ასევე შეუძლია მიიღოს ინფორმაცია მისი ძველი საბჭოთა პასპორტის შესახებ.

სამოქალაქო აქტების ცენტრალური არქივი, სამოქალაქო აქტების თბილისის არქივი და საინფორმაციო-სამისამართო ბიურო - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში სამი არქივი ფუნქციონირებს. ადგილზე მომუშავე ადამიანები ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნავენ იმაზე, რომ წარსულის ამსახველი თითოეული ჩანაწერი საგულდაგულოდ იყოს დაცული და გაციფრულებულ დოკუმენტებს სიცოცხლე გაუხანგრძლივონ.

ასე იკინძება ქვეყნის ბიოგრაფია. წლები გადის, თაობები იცვლება, მაგრამ ისტორია რჩება - პროფესიონალების მიერ საიმედოდ დაცული და მომავლისთვის შენახული. რადგან ქვეყანა მანამ არსებობს, ვიდრე მას საკუთარი წარსულის ყოველი წამი ახსოვს.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი. 

დღის ამბები