06 ივნისი 2026,   22:41
ვრცლად
ხელისუფლების პასუხი NGO-ების წერილზე - რა მიზანი აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს

"ნომრიანი აგენტები და ჩვეულებრივი მოღალატეები არიან" - თბილისის მერის ამ სიტყვების ადრესატი, უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოები არიან. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ხელისუფლებას ეროვნული ინტერესების საზიანოდ მოქმედებაში ადანაშაულებენ, თავად კი საქართველოში რევოლუციური პროცესების განვითარებასა და ძალადობრივ აქციებს უჭერენ მხარს.

მორიგი ერთობლივი გზავნილი ენჯეოებმა სწორედ მაშინ გამოაქვეყნეს, როცა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის გადატვირთვის პროცესი დაიწყო. ვრცელ წერილში არასამთავრობოები მთავრობას ბრალს კონსტიტუციით გამყარებული მისწრაფებების ღალატში სდებენ.

ღალატი, ქვეყნის მტრობა და ეროვნულ ინტერესების დაზიანება, მმართველი გუნდის თქმით იმ ენჯეოების ხელწერაა, რომლებიც უკვე წლებია საქართველოში უცხო ქვეყნისა და მათი დამფინანსებლების ინტერესების გატარებას ცდილობენ.

რა მიზანს ემსახურება მსგავსი შინაარსის განცხადების გავრცელება? - ერთობლივი წერილის ავტორებთან დღეს კონკრეტული შეკითხვების დასმა ვცადეთ. ნაწილს ოფისში მივაკითხეთ, ნაწილს კი ტელეფონით დავუკავშირდით, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა ტრადიციულად ჩვენს შეკითხვებზე პასუხების გაცემა არ ისურვეს.

ვიდრე ენჯეოები დუმილის რეჟიმში არიან, მათ ინტერესებს ოპოზიცია იცავს. ხელისუფლების ოპონენტები სრულად იზიარებენ არასამთავრობოების განცხადების შინაარს და მათ მსგავსად, არც ხელისუფლების კრიტიკის შანსს უშვებენ ხელიდან.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს სწორედ ის ენჯეოები აზიანებენ, რომლებიც უცხოეთში კარდაკარ დადიოდნენ და საქართველოს კანდიდატის სტატუსის გარეშე დატოვებას ითხოვდნენ. "ქართული ოცნების" თქმით. უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების ერთადერთი მიზანი, დღეს ქვეყნის სუვერენიტეტის დამცველი ხელისუფლების დაზიანებაა.

მმართველი გუნდიდან ენჯეოებს კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ მათი ნებისმიერი მცდელობა, რომელიც საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე დაზიანებას და ხელისუფლების დისკრედიტაციას ემსახურება, მარცხისთვისაა განწირული.

ავტორი: ნანა გოგატაძე. 

დღის ამბები