"გემოფესტს" - ყველაზე მასშტაბურ გასტრონომიულ ფესტივალს - ამჯერად სამცხე-ჯავახეთი მასპინძლობს. რაბათის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან ხალხმრავლობაა. სტუმრები მესხურ კერძებსა და მათ თანამედროვე ვარიაციებს აგემოვნებენ.
კულინარიული ექსპერიმენტები, ტრადიციული, იშვიათი და ნაკლებად ცნობილი კერძები - სტუმრებს თბილისიდან მოწვეული ცნობილი შეფ-მზარეულები უმასპინძლდებიან.
კვების ობიექტებთან ერთად მიმდინარეობს მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა. საკუთარი პროდუქცია 13 ადგილობრივ მეწარმეს აქვს წარმოდგენილი. მოწყობილია აგრო ზონა და საბავშვო სივრცე.
ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების ხელშეწყობა და ვიზიტორთა ნაკადის ზრდა - ეს ფესტივალის მთავარი მიზანია. ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, რომ ქართული სამზარეულოს მიმართ ინტერესი განსაკუთრებულია სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ვიზიტორებს შორის.
მასშტაბური გასტრონომიული ფესტივალი სამცხე-ჯავახეთში წელს უკვე მეორედ ჩატარდა. ღონისძიება ორდღიანია და სტუმრებს ხვალაც, მთელი დღის განმავლობაში, უმასპინძლებს.