05 ივნისი 2026,   15:44
ვრცლად
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია კანადაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას დაესწრო

კანადაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ოტავას ეროვნული ხელოვნების ცენტრში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო კანადაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო წილოსანი ხელმძღვანელობს.

საზეიმო ღონისძიებას კანადის საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ადგილობრივი ქართული დიასპორის წევრები ესწრებოდნენ.

საზეიმო მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ნინო წილოსანმა. მან თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მისწრაფებას და აღნიშნა, რომ 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობა არის ისტორიული მომენტი, რომელმაც განსაზღვრა ქართველი ერის ურყევი ნება, თავად ჩამოაყალიბოს და შექმნას საკუთარი მომავალი, როგორც თავისუფალმა და სუვერენულმა სახელმწიფომ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ქალაქ ოტავას და კანადელ ხალხს ქალაქის დაარსების 200 წლის იუბილე მიულოცა და მადლობა გადაუხადა კანადას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროატლანტიკური მისწრაფების მტკიცე მხარდაჭერისთვის.

გამოსვლის დასასრულს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს უძველეს ცივილიზაციასა და კულტურულ კოდზე. როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, მიმდინარე წელს სრულდება 1700 წელი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. ასევე ყურადღება გაამახვილა იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესულ ქართულ ტრადიციებზე - ქვევრის ღვინის დაყენების მეთოდსა და ქართული ხორბლის კულტურაზე, რაც უწყვეტი სახელმწიფოებრივი და ცივილიზაციური მეხსიერების დასტურია.

დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან: პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა, თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ენუქიძე, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხახუბია.

დღის ამბები