"პატარა ქვეყანას აქვს ერთადერთი გზა ლიდერობისკენ, იმუშაოს გონებით და იმუშაოს უსაფრთხოებაზე" - მაიკლ ფონ დერ შულენბურგი გაეროს დიპლომატიური კორპუსის 34-წლიანი გამოცდილების მქონე დიპლომატია. დღეს ევროპარლამენტარის კარიერა ისეთ ცხელ წერტილებს უკავშირდება, როგორებიცაა ავღანეთი, სიერა-ლეონე და სირია. გავლენიანი ანალიტიკოსი მთავარ სათქმელს "კურიერის" კამერასთან ამბობს: სამხედრო ესკალაცია კონფლიქტების მოსაგვარებლად არასაკმარისია. დიპლომატი თბილისში მეორედ იმყოფება. დღეს მან მონაწილეობა "მდგრადი განვითარების ფორუმში" მიიღო. "კურიერთან" კი ღიად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული პოლიტიკა, რომელიც სუვერენისტულ მიდგომებზეა აგებული.
ზეწოლის ფონზე შენარჩუნებული დამოუკიდებლობა, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის გარეშე დარჩენილ მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველ გარემოს ქმნის - ეს პასკალ ლოტასის შეფასებაა. კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორი "კურიერთან" ამბობს, რომ ევროპის "ომის პარტია" საქართველოს გამოყენებას ცდილობს. კითხვაზე, ვინ ირიცხება ამ პარტიაში, ლოტასი ურსულა ფონ დერ ლაიენს და კაია კალასს ასახელებს.
ლოტასის მოსაზრებას იზიარებს დენიელ დევისი. შეერთებული შტატების ლეიტენანტ-პოლკოვნიკი და სამხედრო ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ომი საქართველოსთან მაშინ მოვა, როცა ის ნატოში გაწევრიანებას მიუახლოვდება. დევისი არც იმას მალავს, რომ ამერიკას დღეს საქართველო ისე სჭირდება, როგორც არასდროს.
რეალური დამოუკიდებლობის მთავარი გასაღები რომ ეკონომიკური სიძლიერეა - ამაზე აქცენტი ჯონ მერშჰაიმერაც გააკეთა. ამერიკელმა ანალიტიკოსმა და პოლიტოლოგმა, რომელიც მსოფლიოში კონსერვატიზმის ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგად მიიჩნევა, აუდიტორიას ონლაინ ფორმატში მიესალმა. მერშჰაიმერმა ყურადღება სუვერენული ერების ჩამოყალიბების პროცესში მშვიდობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
20 ქვეყანა და 1000 მონაწილე - თბილისი "მდგრადი განვითარების ფორუმს" მასპინძლობს. სუვერენისტებისა და კონსერვატორების ხმა დღეს საქართველოდან მთელმა მსოფლიომ გაიგო. მშვიდობის იდეამ კი პრაგმატიკოსი მაღალი რანგის სტუმრები კიდევ ერთხელ გააერთიანა.