დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, 4-5 ივნისს, თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი იმართება.
ფორუმის მასპინძლის განმარტებით, სტატისტიკასთან ერთად, მდგრადი განვითარება, ცხოვრების ხარისხის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ახალ სამუშაო ადგილებს და ზოგადად, მოქალაქეების საჭიროებებზე ზრუნვას ეფუძნება. "მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის" - ფორუმის მთავარი სლოგანი, დედაქალაქის მერის განცხადებით, ზუსტად პასუხობს საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტებს.
რეგიონული ფორუმი, რომელმაც მასშტაბური გლობალური პლატფორმის სტატუსი შეიძინა და თბილისი როგორც საერთაშორისო დიალოგის მნიშვნელოვანი ცენტრი - ასე აფასებენ ფორუმის მნიშვნელობას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი. ითქვა, რომ გლობალური გამოწვევების ფონზე, ის საკითხები, რომელსაც ფორუმის მიმდინარეობისას განიხილავენ, განსაკუთრებით აქტუალურია და განსაზღვრავს საქართველოს ხელისუფლების ვექტორს, რომელიც მშვიდობას, სტაბილურობას და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაზეა ორიენტირებული.
რეგიონული ფორუმი წარმოადგენს სივრცეს, სადაც განიხილება ეკონომიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი, ტექნოლოგიური და გეოპოლიტიკური პროცესები - სწორედ ამ ფორმატში შეიქმნა "მშვიდობის პლატფორმა", რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად იმართება მაღალი დონის დისკუსიები. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, სწორედ ასეთ - ღია და შინაარსიან დიალოგს მოითხოვს მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევები.
ადამიანური კაპიტალის განვითარება და განათლების როლი, როგორ დავიცვათ თავი მზარდი კონფლიქტების სამყაროში, ხელოვნური ინტელექტი და თანამედროვე ტექნოლოგიები, სივრცითი მოწყობა და სატრანსპორტო რეფორმა, ურბანული განვითარება - ეს არასრული ჩამონათვალია იმ გამოწვევებისა, რომლებზეც მომდევნო ორი დღის განმავლობაში, თბილისის მდგრადი განვითარების მეთექვსმეტე ფორუმზე, პანელური დისკუსიების დროს იმსჯელებენ.