04 ივნისი 2026,   19:05
ვრცლად
საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა საქართველოდან გაიწვია ორი აგენტი, ამით პირდაპირ აღიარა, რომ საფრანგეთის სპეცსამსახური აქტიურად მუშაობდა საქართველოს ტერიტორიაზე - დავით ქართველიშვილი

ფრანგული გამოცემა ქართული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ ოპერაციაზე სტატიას აქვეყნებს.

"საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სამსახური იძულებული გახდა, თბილისიდან პარიზში გაეწვია დაზვერვის ორი აგენტი", - წერს Intelligence Online-ის რედაქტორი.

ქართველი ექსპერტების შეფასებით ფრანგულ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია არის პირდაპირ აღიარება, რომ საფრანგეთის სპეცსამსახური აქტიურად მუშაობდა საქართველოს ტერიტორიაზე.

"საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა საქართველოდან გაიწვია თავისი ორი აგენტი და ამით მოახდინა არა ირიბი, არამედ პირდაპირი აღიარება იმისა, რომ საფრანგეთის სპეცსამსახური აქტიურად მუშაობდა საქართველოს ტერიტორიაზე. და არამხოლოდ საქართველოს, სამი წლის წინ ანალოგიური სკანდალი აგორდა აზერბაიჯან-საფრანგეთის ურთიერთობების გამწვავების დროს, რა დროსაც აზერბაიჯანმა "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა ორი მზვერავი და ასე გააძევა ქვეყნის ტერიტორიიდან.

საქართველო ასეთი ხისტი არ იყო ამ შემთხვევაში, მან არ დაძაბა დიპლომატიური ურთიერთობები, სკანდალის ელფერი არ მისცა მას. უბრალოდ, მისცა საშუალება საფრანგეთის სპეცსამსახურებს, გაეწვიათ თავისი თანამშრომლები. ყველაზე საინტერესოა ის მიზანია, რომელიც ამოძრავებდა ამ ქვეყანას და ამოძრავებდა ამ ქვეყნის სპეცსამსახურებს. მიზანი ერთია და ჯერჯერობით განუხორციელებელი - მათ არ აწყობთ ქვეყანაში მოქმედი ხელისუფლება, მათ სურთ ყველანაირი ხერხით მოახდინონ ამ ხელისუფლების ჩანაცვლება სახელმწიფო გადატრიალების გზით. ამიტომ ცდილობენ საზოგადოების იმ სეგმენტში აირჩიონ სათავისოდ მომუშავე აგენტურა, რომელსაც პირდაპირი, ან ირიბი კავშირი ჰქონდა აწმყოში თუ წარსულში ამ ხელისუფლების კონკრეტულ წარმომადგენლებთან, რათა მათგან მიიღონ დამატებითი ინფორმაცია, რათა ისინი შეაგზავნონ კონკრეტული დავალებებით სწორედ იმ ველზე, სადაც ჯერჯერობით მარცხდებიან. ამ ველს ჰქვია სახელმწიფო გადატრიალების უშედეგო მცდელობა,"- აცხადებს პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ წევრი დავით ქართველიშვილი.

ფრანგული გამოცემის ცნობით, საქართველოს ხელისუფლებამ დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების თავიდან ასარიდებლად უარი თქვა საფრანგეთის დაზვერვის აგენტების "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადებაზე და მხოლოდ მათი ქვეყნიდან გაყვანა მოითხოვა.

 

დღის ამბები