ბოლო პერიოდში, საქართველოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია რამდენიმე პირი, რომლებიც სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ და საიდუმლო ინფორმაციას სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს აწვდიდნენ. მათი დაკავების პარალელურად, სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი და ვიცე პრემიერი მამუკა მდინარაძე აკეთებდა არაერთ განცხადებას და მინიშნებას, რომ იმ ქვეყნებს ვის სასარგებლოდაც დაკავებულები მუშაობდნენ, შეეწყვიტათ მსგავსი საქმიანობა.
ბოლო ასეთი გამაფრთხილებელი განცხადება მამუკა მდინარაძემ კიდევ ერთხელ, რამდენიმე დღის წინ გააკეთა, როდესაც ჯაშუშობის ბრალდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ ორი პირი - გულბაათ რცხილაძე და ირაკლი ჩიხლაძე დააკავა.
"სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ორი ადამიანიდან ერთს ბრალი ორი სხვადასხვა სახელმწიფოს სასარგებლოდ სადაზვერვო ინფორმაციების მოპოვებაში ედება. ჯაშუშობაში და ჯაშუშური ქსელის ერთგვარ ლიდერობაში მხილება მეორე ბრალდებული, რომელიც თანხებსა და დავალებებს ქსელის წარმომადგენლებზე ანაწილებდა.
აღნიშნული პირი იმავე სახელმწიფოს ე.წ. "სპეცსამსახურის რეზიდენტს" წარმოადგენდა ბრალდების მიხედვით, რომლის სასარგებლოდ სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემის ბრალდებით რამდენიმე კვირის წინაც დავაკავეთ ერთი ბრალდებული. ამას ნამდვილად მოჰყვა საკმაოდ პოზიტიური კომუნიკაცია შესაბამის სამსახურებს შორის, თუმცა, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ორი დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებმაც მიუხედავად გაფრთხილებისა, წინა დაკავებების შემდგომაც არ შეწყვიტეს გარკვეული მოძრაობები ხსენებული მიმართულებით. იმედია, ამ შემთხვევაში მაინც იქნება სწორი დასკვნები გამოტანილი შესაბამისი სამსახურების თუ კონკრეტული პირების მხრიდან.
ყველამ უნდა იცოდეს რომ, დღეს ქართული სახელმწიფო, ქართული სპეცსამსახურები, ქართველი სამართალდამცველები და უსაფრთხოების სისტემა არის იმდენად ძლიერი, რომ მას შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო ღონისძიებების ჩატარება - რეალური ჯაშუშური ქსელების გაშიფვრა და მათი წევრების დაკავება, რაც იმ კატეგორიის ოპერატიულ და საგამოძიებო ღონისძიებებს მიეკუთვნება, რომელიც ძალიან უჭირთ ხოლმე გაცილებით ძლიერ და დიდ სახელმწიფოებს", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
დღეს კი, ფრანგულმა გამოცემამ ქართული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ ოპერაციაზე სტატია გამოაქვეყნა.
"საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სამსახური იძულებული გახდა, თბილისიდან პარიზში გაეწვია დაზვერვის ორი აგენტი", - წერს Intelligence Online-ის რედაქტორი.
მისი ცნობით, საქართველოს ხელისუფლებამ დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების თავიდან ასარიდებლად უარი თქვა საფრანგეთის დაზვერვის აგენტების "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადებაზე და მხოლოდ მათი ქვეყნიდან გაყვანა მოითხოვა. ქართველი ექსპერტების შეფასებით ფრანგულ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია არის პირდაპირ აღიარება რომ საფრანგეთის სპეცსამსახური აქტიურად მუშაობდა საქართველოს ტერიტორიაზე.