საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტსა და ვაშინგტონის მხრიდან გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებებზე ისაუბრა და განმარტა, რომ მათი მხრიდან არანაირ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით კონკრეტული მოთხოვნა არ ყოფილა.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, ამერიკულ მხარეს არც კანონებთან დაკავშირებით ჰქონია რაიმე შენიშვნა.
"არანაირი კონკრეტული მოთხოვნა, არანაირ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არ დაყენებულა, იმიტომ, რომ მათ აქვთ ინფორმაცია, რომ საქართველოს კონსტიტუციით შეუძლებელია უკვე დაკარგული მანდატების აღდგენა. ამ შემთხვევაში, ვადამდელი არჩევნები, როდესაც ისინი შენ გელაპარაკებიან, არსებულ ხელისუფლებას ურთიერთობების გადატვირთვაზე, ვადამდელი არჩევნები რა შუაშია.
აქ ჩვენ რაზე ველაპარაკებით აშშ-ს? სამართლიანი დამოკიდებულება გვინდა მათგან პირველ რიგში. წინა ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული პოლიტიკური ნაბიჯები და მიღებული გადაწყვეტილებები იყო უსამართლო საქართველოს მიმართ. ამ უსამართლობამ გამოიწვია ამ ურთიერთობების ასეთ დონეზე ჩამოყვანა. დღეს, ამ ურთიერთობების განახლების ყველაზე კარგი წინაპირობა არის სამართლიანობის აღდგენა ჩვენს ურთიერთობებში. რა თქმა უნდა, გაგრძელება წინა ადმინისტრაციის რიტორიკისა, რომელიც მხარს უჭერდა არჩევნების შემდგომ არჩევნების გაყალბდა ძახილს, რაც ჩვენ გვესმოდა ევროპელი ბიუროკრატებისგან თუ სხვა აქტორებისგან, ეს გზავნილი ამ ურთიერთობის საფუძველი არ არის და ეს მათაც კარგად იციან. ამიტომ, ეს არ არის ის თემა, რა თემაზეც დღეს მიმდინარეობს საუბარი და მუშაობა.
კანონებთან დაკავშირებით მათ არანაირი შენიშვნა არ გააჩნიათ. მანდ წერია მსოფლმხედველობითი და ფასეულობითი თანხვედრა მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება გამჭვირვალობის თემას, თვითონ აშშ-ის ადმინისტრაციამ ყველაზე მეტი გააკეთა USAID-ის და NED-ის მიმართულებით, რადგან თვლიდნენ, რომ ეს იყო სხვა ქვეყნების საქმეებში უკანონოდ ჩარევის და პირიქით, ამერიკული ინტერესების დაზიანებას ემსახურებოდაო", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.