ხელოვნური ინტელექტი ბევრისთვის უკვე ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. დროსთან ერთად მისი ფუნქციები და შესაძლებლობები უფრო ფართოვდება და სხვა ახალ სასწავლო პროგრამებთან ერთად, წელს პირველად, ახალგაზრდებისთვის ხელოვნური ინტელექტის ბანაკი მოეწყობა.
მიმდინარე სეზონზე, საზაფხულო ახალგაზრდული პროგრამები უფრო მრავალფეროვანი და მასშტაბური გახდა - ტრადიციულ აქტივობებს ათზე მეტი ახალი სასწავლო მიმართულება დაემატა. ხის მხატვრული დამუშავებიდან დებატების ხელოვნების შესწავლის ჩათვლით - სასურველი ბანაკის შერჩევა სპეციალურ ვებ გვერდზე, თბილისელებს დღეიდან შეუძლიათ.
კულტურული, სპორტული, შემეცნებით და გასართობი აქტივობები - თბილის მერია ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობებს უკვე 11 წელია სთავაზობს. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები ტრადიციულად უფასოდ ისარგებლებენ პადელით, ბოულინგით და საცურაო აუზით. ჩაერთვებიან სალაშქრო და საჯომარდო ტურებში.
საზაფხულო ბანაკების მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება, კვება, საჭირო ეკიპირება და კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურება. პროგრამები განკუთვნილია 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდებისთვის. სარეგისტრაციო ვადა სამ ივლისს იწურება.
თბილისის მერიის საზაფხულო პროგრამები ივნისიდან დაიწყება და სექტემბრამდე გაგრძელდება, რაც ახალგაზრდებს ახალი გამოცდილების მიღების, პიროვნული განვითარებისა და ზაფხულის საინტერესოდ გატარების შესაძლებლობას მისცემს.