04 აგვისტო 2026,   17:32
ვრცლად
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ქართული ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი გაზარდა - 2026 წელს, EBRD-ი ქვეყანაში 6%-იან ეკონომიკურ პროგრესს ელოდება

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ქართული ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი გაზარდა. 2026 წელს "იბიარდი" ქვეყანაში 6 პროცენტიან ეკონომიკურ პროგრესს ელოდება. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ პოზიტიურადაა შეფასებული ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი, რაც მთავრობის ეკონომიკურ გუნდს უფრო მეტის მოლოდინს უჩენს. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ 2025 წლის მსგავსად, 2026 წელიც ეკონომიკური ზრდის რეალური მაჩვენებლით მოლოდინს გადააჭარბებს.

EBRD-ის ანგარიში დღეს გამოქვეყნდა. რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი პოზიტიურად აფასებს საქართველოში მიმდინარე მასშტაბურ საინვესტიციო პროექტებს. ანგარიშის მიხედვით, გრძელვადიან პერსპექტივაში ქართულ ეკონომიკაზე დადებითი ეფექტი საბიუჯეტო დეფიციტისა და საგარეო ვალის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირებასაც ექნება. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რეგიონული კრიზისების ფონზე, არც ინფლაციის საგრძნობ ზრდას ელოდება.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის პოზიტიურ პროგნოზებს, რეფორმებისა და წინდახედული ეკონომიკური პოლიტიკის აღიარებად მიიჩნევენ მმართველი გუნდის ლიდერები. მშვიდობა, პოლიტიკური სტაბილურობა და განვითარება - აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს პირველი პირებისთვის საპროგნოზო მაჩვენებლების გადაჭარბებით შესრულების მოლოდინს აჩენს. მმართველ გუნდში "იბიარდის" პროგნოზების ფონზე, საქართველოში აკრედიტებული ელჩების ნაწილისა და ევრობიუროკრატების კრიტიკაც გაიხსენეს და თქვეს, რომ ყველა ობიექტური პარამეტრი მათ მიკერძოებულობას ამტკიცებს.

რეგიონში არსებული კონფლიქტებისა და კრიზისების ფონზე "იბიარდის" შეფასება დამაიმედებელ მოლოდინებს აჩენს ეკონომისტებისთვისაც. ანალიტიკოსების აზრით, ქვეყანა საგარეო ეკონომიკურ შოკებს ეფექტურად უმკლავდება, რაც ეკონომიკისა და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის გარდა, საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობასაც ზრდის.

"იბიარდი" ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელს ყოველ კვარტალში აქვეყნებს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ვარაუდობს, რომ საქართველოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2026 წელს 6, 2027 წელს კი 5 პროცენტი იქნება.

EBRD-ი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 0.5%-ით, 6%-მდე აუმჯობესებს, საქართველოს რეალური მშპ 2025 წელს 7.5%-ით გაიზარდა, რასაც ძირითადად მომსახურების სექტორი განაპირობებდა, ხოლო ტურიზმი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალად რჩებოდა.

მოთხოვნის მხრიდან, კერძო მოხმარებას ხელს უწყობდა რეალური ხელფასების მყარი ზრდა და საკრედიტო აქტივობის ძლიერი გაფართოება მაშინ, როდესაც კაპიტალური ინვესტიციები 2021 წლის შემდეგ პირველად შემცირდა. ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო დაჩქარდა და 2026 წლის პირველ კვარტალში, EBRD-ის შეფასებით, წლიურად 9.1%-ს მიაღწია.

ინფლაცია 2025 წლის მარტიდან აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის 3.0%-იან სამიზნე მაჩვენებელს და 2026 წლის აპრილში წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა.

ფისკალური დეფიციტი 2024 წლის მშპ-ის 2.3%-დან 2025 წელს 1.4%-მდე შემცირდა, რასაც ხელი შეუწყო საბიუჯეტო შემოსავლების ძლიერმა ზრდამ და კაპიტალური ხარჯების გეგმის არასრულად შესრულებამ. საგარეო ვალისა და მშპ-ის თანაფარდობა 2025 წელს 34.4%-მდე შემცირდა, რაც ძლიერი ნომინალური ეკონომიკური ზრდისა და სტაბილური გაცვლითი კურსის შედეგი იყო.

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2024 წლის მშპ-ის 5.3%-დან 2025 წელს ისტორიულ მინიმუმამდე 2.6%-მდე - შემცირდა. მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 2026 წლის აპრილში 6.5 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც დაახლოებით ოთხი თვის იმპორტის დაფარვას უზრუნველყოფს.

პროგნოზის მიხედვით, რეალური მშპ 2026 წელს 6.0%-ით, ხოლო 2027 წელს 5.0%-ით გაიზრდება. უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და განახლებადი ენერგიის სექტორებში მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებამ შესაძლოა ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო დააჩქაროს.

თუმცა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა შეიძლება შეასუსტოს ეკონომიკური აქტივობა, რადგან ის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების შემცირებასა და იმპორტირებული ენერგორესურსების გაძვირებას იწვევს", - აღნიშნულია ანგარიშში.

დღის ამბები