02 აგვისტო 2026,   04:50
ვრცლად
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა. გამოძიების ცნობით, "სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი, ირაკლი ჩიხლაძე სადაზვერვო ქსელს მართავდა, მოპოვებულ ინფორმაციას კი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს აწვდიდა. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქმეში ფიგურირებს მატერიალური სარგებელი, რომლის სანაცვლოდაც, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, ხდებოდა ინფორმაციის მიწოდება.

ირაკლი ჩიხლაძის ადვოკატის, გიორგი გელხაურის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებით სარგებლობს.

"[გამართლდა] მოლოდინი რაც იყო - სასამართლომ დატოვა პატიმრობაში. არცერთი პუნქტი, რომელსაც ითვალისწინებს 314-ე მუხლი - ჯაშუშობა - არ დარღვეულა ირაკლი ჩიხლაძის მიერ. ამ ეტაპზე, სარგებლობს დუმილის უფლებით, შესაბამისად, მას პოზიცია არ დაუფიქსირებია," - აცხადებს ადვოკატი.
 
მედიასთან კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა და აღნიშნა, რომ ბრალდებულების წინააღმდეგ, საქმეში არაერთი მტკიცებულება დევს. 
 
"აღნიშნული პირები საქართველოში უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალების შესაბამისად აგროვებდნენ და საქართველოს ინტერესების საზიანოდ გადასცემდნენ მათ სხვადასხვა სახის ინფორმაციას. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განხილულ იქნა აღკვეთის ღონისძიების საკითხი და ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ, შეეფარდა პატიმრობა.

რაც შეეხება მტკიცებულებებს - საქმეში მოიპოვება პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ბრალდებულების კავშირს უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებთან, ასევე, მათი მხრიდან ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ფაქტებს.

კონკრეტულად თუ რა სახის ინფორმაცია იქნა მოპოვებული, მოგეხსენებათ, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და შესაბამისად, ამ ინფორმაციის გაჟღერებამ შეიძლება დააზიანოს არამარტო გამოძიების, არამედ სახელმწიფოს ინტერესი", - განაცხადა პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ ერთ პირს - "ევრაზიის ინსტიტუტის" დამფუძნებელს, გულბაათ რცხილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ ასევე პატიმრობა შეეფარდა. სუსის ინფორმაციით, ის ერთდროულად ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან თანამშრომლობდა.

დაკავებულებს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები