მელია სააკაშვილის წინააღმდეგ - ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირების მორიგი ეტაპი დაიწყო. "თავის ეგოზე ზრუნვით ორსული" - ასე აღწერს ექსპრეზიდენტს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე და 9-იანის მოქმედი ლიდერი.
"სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა, იქ მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია", - წერს ნიკა მელია და ყოფილ თანაპარტიელს მასზე ეჭვიანობაში ადანაშაულებს.
პარტია "ახალის" დამფუძნებელი არც იმას მალავს, რომ მიხეილ სააკაშვილს საერთო ინტერესებისთვის ღალატი უყვარს, მსჯავრდებულ და ბრალდებულ ექსპრეზიდენტზე საუბრისას მელია ღიად ამბობს, რომ ზურგში დანის ჩარტყმაში სააკაშვილი უკვე გამოცდილი ჰყავს.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, თორნიკე ფაღავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა ალიანსის წევრებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს.
"ნათელია, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხიდანაც კი ახერხებს, "ნაციონალური მოძრაობა" და არა მარტო - ეს ე.წ. ალიანსი შემოიკრიბოს ირგვლივ და ყველას, მათ შორის ახალგაზრდა ლიდერებს, რომლებსაც ჰქონდათ ილუზია, რომ რაღაცებს მიხეილ სააკაშვილისგან დამოუკიდებლად შეძლებდნენ, გაახსენოს კიდევ ერთხელ, რომ ყველაფერი მის ირგვლივ ტრიალებს. ეს ე.წ. ალიანსი არის "ნაციონალური მოძრაობის" - დედაპარტიის განაყოფები და როდესაც მიხეილ სააკაშვილს დასჭირდება, ერთი ხელის მოსმით, ისევ გაერთიანდებიან და, თუ დასჭირდება, ისევ გაიშლებიან", - აცხადებს ფაღავა.