18 ივნისი 2026,   15:32
ვრცლად
ნოვაკის რეზონანსული მკვლელობის საქმე ბრიტანეთში - ექვსთვიანი გამოძიების შედეგი და გახმაურებული დანაშაულის დეტალები

სასიკვდილოდ დაჭრილი 18 წლის ახალგაზრდა, პოლიციამ ქვაფენილზე გაათრია და ხელბორკილები დაადო. სანამ ჰენრი ნოვაკი სისხლისგან იცლებოდა და შველას ითხოვდა, სამართალდამცავები მისი დაკავების ოქმს ადგენდნენ. ოფიცრები მკვლელის მითითების საფუძველზე მოქმედებდნენ, რომელმაც ჰენრი ნოვაკს რასისტულ შეურაცხყოფაში ცილი დასწამა. გახმაურებული დანაშაულის დეტალები დღეს ბრიტანულმა მედიამ მოიპოვა.

თითქმის ექვსთვიანი გამოძიების შემდეგ სასამართლომ ჰენრი ნოვაკის მკვლელი დამნაშავედ ცნო. 23 წლის ვიკრამ დიგუამ ახალგაზრდას დანით ზურგის, მკერდისა და ფილტვის არეში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი 5 ჭრილობა მიაყენა. დანაშაულის კიდევ ერთი ფიგურანტია მისი დედა, კირან კაური, რომელმაც ცივი იარაღი დამალა.

განსასჯელის სკამზე მკვლელისა და მისი თანამზრახველის გვერდით არ სხედან ის პოლიციელები, რომლებმაც სასიკვდილოდ დაჭრილ მსხვერპლს ისე მოექცნენ როგორც თავდამსხმელს. ჰემპშირის პოლიციას მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია, ოფიციალურ განცხადებაში მხოლოდ ის ითქვა, რომ მოზარდის გადარჩენა ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლებელი იყო.

პოლიციის განცხადება სასამართლოს შენობასთან დაგმეს ბრიტანეთის ოპოზიციის წარმომადგენლებმა. აქტივისტებისთვის მიუღებელია ფორმულირება რომლის მიხედვითაც ახალგაზრდის გადარჩენა ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლებელი იყო. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნაა, გასაჯაროვდეს იმ სამხრე კამერის ჩანაწერები, რომელიც დანაშაულის ადგილზე მისულ ოფიცერებს ეკეთათ.

სასამართლოს გადაწყვეტილებას და სახელმწიფო ბრალდების პოზიციას აკრიტიკებს ილონ მასკი. ამერიკელი მილიარდერი ბრიტანულ მართლმსაჯულებას ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს. ბიზნესმენი ღიად აცხადებს, რომ საქმეზე მიღებული ვერდიქტი უსამართლოა. მასკის მტკიცებით, ჰენრი ნოვაკის საქმეში პოლიციელები მკვლელობის თანამონაწილეები არიან და პასუხიც სწორედ ამ კვალიფიკაციით უნდა აგონ.

18 წლის ჰენრი ნოვაკი, საუთჰემპტონის უნივერსიტეტის ფინანსების ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტი და საკალათბურთო გუნდის წევრი, გასული წლის 3 დეკემბერს საუთჰემპტონში ვიკრუმ დიგვამ სარიტუალო დანით მოკლა. საქმეზე საბოლოო განაჩენს ბრიტანეთის სამეფო სასამართლო ორშაბათს გამოაცხადებს.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

დღის ამბები