უკრაინის საზღვართან ახლოს, რუმინეთის ქალაქ გალაცში, საბრძოლო დრონი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა, რის შედეგადაც დაშავდა 2 ადამიანი, შენობაში კი ხანძარი გაჩნდა. საჭირო გახდა ათობით მოქალაქის ევაკუაცია.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ "რუსეთის ფედერაციამ განაახლა დრონებით თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, რუმინეთთან საზღვრის სიახლოვეს. ერთ-ერთი ასეთი დრონი კი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა."
CNN-ი წერს, რომ NATO-ს წევრ სახელმწიფოებს სულ უფრო ხშირად უწევთ რეაგირება რუსულ დრონებსა და რაკეტებზე, რომლებიც ან მათ საჰაერო სივრცეში იჭრებიან, ან მათ ტერიტორიაზე ვარდებიან. Reuters-ის მონაცემებით, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა მდინარე დუნაის გასწვრივ უკრაინის პორტებზე დაიწყო თავდასხმების განხორციელება, რუსულმა დრონებმა რუმინეთის საჰაერო სივრცე უკვე 28-ჯერ დაარღვიეს.