ევროკავშირმა, ჩინური მფლობელობის მქონე ონლაინ საცალო ვაჭრობის კომპანია Temu-ს 200 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა, მის პლატფორმაზე ისეთი უკანონო პროდუქტების გაყიდვის გამო, როგორიცაა სახიფათო საბავშვო სათამაშოები და გაუმართავი დამტენები. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ევროკომისიამ განაცხადა, რომ კომპანიამ "ვერ შეძლო გულმოდგინედ გამოევლინა, გაეანალიზებინა და შეეფასებინა პროდუქტების სისტემური რისკები და ის ზიანი, რაც მათ შეეძლოთ მომხმარებლებისთვის მიეყენებინათ".
Temu-ს წინააღმდეგ გამოძიება 2024 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს იმის დასადგენად, ასრულებდა თუ არა ის ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებებს.
ონლაინ საცალო მოვაჭრემ განაცხადა, რომ იგი არ ეთანხმება გადაწყვეტილებას, ჯარიმას არაპროპორციულად მიიჩნევს და ამჟამად არსებულ ვარიანტებს განიხილავს.
გამოძიება მოიცავდა დამოუკიდებელი ტესტირების ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ საიდუმლო მყიდველის კვლევას, რომელმაც დაადგინა, რომ Temu-ს მეშვეობით შეძენილი დამტენების უმეტესობამ ვერ გაიარა ელექტრო უსაფრთხოების საბაზისო ტესტები.
ასევე დაადგინა, რომ საბავშვო სათამაშოების მაღალი პროცენტი უსაფრთხოების რისკებს შეიცავდა, ჰქონდა კანონით დადგენილ ნორმებზე გადაჭარბებული ქიმიკატები ან ჰქონდა პატარა, მოსახსნელი ნაწილები, რომლებიც დახრჩობის საფრთხეს წარმოადგენდა.
ჯარიმის გადახდის გარდა, Temu-მ 28 აგვისტომდე უნდა წარადგინოს სამოქმედო გეგმა ხარვეზების გამოსასწორებლად. ამის შემდეგ, კომისიას აქვს ორი თვე იმის გადასაწყვეტად, გააკეთა თუ არა კომპანიამ საკმარისი, მოთხოვნების შესასრულებლად.
ევროკავშირის ტექნოლოგიების საკითხებში კომისარმა, ჰენა ვირკუნენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავდა Temu-სთვის „ძალიან მკაფიო გზავნილის“ გაგზავნას.
Temu-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საცალო მოვაჭრე პატივს სცემს მკაფიო, თანმიმდევრული წესების აუცილებლობას, თუმცა ეს გადაწყვეტილება ეხება 2024 წელს და არ ასახავს მისი სისტემების ამჟამინდელ მდგომარეობას.