მსოფლიო ჩემპიონატი "რუსთავი 2-ზე" - პირველად არხის ისტორიაში მუნდიალის პირდაპირ ტრანსლირებას Setanta Sports-თან ერთად, ტელეკომპანია "რუსთავი 2" განახორციელებს.
ფეხბურთის მოყვარულები, მსოფლიო ჩემპიონატს დიდი ინტერესით ელოდებიან.
ერთ-ერთია ვეტერანი ფეხბურთელი რევაზ ძოძუაშვილი, რომელიც ქართველ ფეხბურთელებს უსურვებს, თავიანთ დღის წესრიგში საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა დააყენონ:
"ძალიან დიდი ენთუზიაზმით ველოდებით ამ მსოფლიო პირველობას და ეჭვიც არ მეპარება, რომ ბევრ სიახლეს ვნახავთ. უკვე ჩანს, რომ საქართველოს ბევრი ფეხბურთელიც ფიქრობს მსოფლიო პირველობაზე. მინდა ყველა ქართველ ფეხბურთელს ვუსურვო, რომ თავიანთ დღის წესრიგში იყოს ჩადებული ეს: "მე, საქართველოს ნაკრები, მსოფლიოს პირველობაზე უნდა წავიყვანო,"- აცხადებს ვეტერანი ფეხბურთელი რევაზ ძოძუაშვილი.
ამერიკის კონტინენტზე 23-ე მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი სტარტს 11 ივნისს აიღებს. გრანდიოზული გახსნა და დღეში 4-6 მატჩი, 104 თამაში ერთი თვის მანძილზე - ეს არის პლანეტის უდიდესი სპორტული მოვლენა, რომელიც მაყურებელთა რაოდენობით ოლიმპიურ თამაშებსაც კი უსწრებს.
თვეზე მეტი, მთელი მსოფლიო ფეხბურთით იცხოვრებს და მათ შორის იქნება |რუსთავი 2-ის" მაყურებელი. 2026 წლის 23-ე მუნდიალი სრულიად ახალ მასშტაბებს შეიძენს, რადგან მასპინძელია სამი უდიდესი ქვეყანა - შეერთებული შტატები, კანადა და მექსიკა, რომლებსაც საფეხბურთო სანახაობისთვის 16 ულტრა თანამედროვე სტადიონი აქვთ.
ეს ქართულ სატელევიზიო სივრცეშიც ისტორიული მომენტია, რადგან მსოფლიო ჩემპიონატს ორი არხი ერთდროულად გადასცემს.
პლანეტის ახალი ჩემპიონი 19 ივლისს გამოვლინდება.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რეკორდულია გუნდების რაოდენობითაც. ისტორიაში პირველად მუნდიალზე 48 ქვეყნის ნაკრები ითამაშებს.
თუკი წინა მსოფლიო თასს 5 მილიარდამდე ადამიანი ადევნებდა თვალს, მოლოდინია, რომ წელს ახალი რეკორდი დამყარდება და მსოფლიო ჩემპიონატს მთელ მსოფლიოში 5 მილიარდ ნახევარი მაყურებელი ეყოლება. გახსნის ცერემონია გაიმართება მექსიკაში - მეხიკოს ლეგენდარულ სტადიონზე. აცტეკა გახდება პირველი არენა ფეხბურთის ისტორიაში, რომელიც მუნდიალის გახსნით შეხვედრას მესამედ უმასპინძლებს. დახურვა და ფინალური მატჩი კი ნიუ-იორკში შედგება და ამასაც ქართველი მაყურებელი "რუსთავი 2-ზე" და Setanta Sports-ზე უყურებს.
დროის სარტყელში დიდი სხვაობის გამო, მატჩები საქართველოს დროით ძირითადად საღამოს, გვიან ღამით და გამთენიისას გადაიცემა.
"რუსთავი 2-ს" ჩემპიონთა ლიგის პირდაპირი ტრანსლირების გამოცდილება უკვე აქვს. დიდი ფეხბურთი არხზე ამჯერად უკვე მსოფლიო ჩემპიონატით ბრუნდება.
ავტორი: ლაშა დვალიშვილი.