18 ივნისი 2026,   12:55
ვრცლად
კანადამ და ბაჰამის კუნძულებმა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, უგანდისა და სამხრეთ სუდანის მაცხოვრებლებს საკუთარ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა - შეზღუდვა ებოლას ვირუსის აფეთქებას უკავშირდება

კანადამ და ბაჰამის კუნძულებმა, ებოლას აფეთქების გამო, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, უგანდისა და სამხრეთ სუდანის მაცხოვრებლებს საკუთარ ტერიტორიაზე შესვლა დროებით აუკრძალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კანადის მთავრობის განცხადების თანახმად, ოთხშაბათიდან ამ ქვეყნების მაცხოვრებლებს 90 დღის განმავლობაში კანადაში შესვლა აეკრძალებათ. განცხადებაში ნათქვამია, რომ სასაზღვრო კონტროლის ეს დროებითი ზომა მიზნად ისახავს კანადაში ებოლას ვირუსის მოხვედრისა და გავრცელების რისკის შემცირებას.

ბაჰამის კუნძულების მთავრობა აღნიშნავს, რომ დაწესებული შეზღუდვები დაუყოვნებლივ ამოქმედდება და 30 დღის განმავლობაში დარჩება ძალაში. მათვე ინფორმაციით, შეზღუდვები ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების შესაბამისად შეიცვლება.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსის - ბუნდიბუგიოს შტამის ეროვნულ ეპიდემიად გადაქცევის რისკი "ძალიან მაღალ“ დონემდე გაზარდა. ჯანმომ, კონგოსა და უგანდაში, ვირუსის აფეთქება, საერთაშორისო შეშფოთების შემცველ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას, ვაშინგტონმა შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა ამერიკის მოქალაქეობის არმქონე იმ პირებს, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, უგანდას ან სამხრეთ სუდანს სტუმრობდნენ.

 

დღის ამბები