01 აგვისტო 2026,   11:43
ვრცლად
პროკურატურამ მცირეწლოვანის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის არასრულწლოვანების საქმეთა სამმართველომ მცირეწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთ კერძო საბავშვო ბაღში, აღმზრდელმა მცირეწლოვნის მიმართ ძალადობა განახორციელა, რა დროსაც დაზარალებულმა დაზიანებები მიიღო.

"დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება," - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები