ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, ჯინ შაჰინის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ უკრაინაში ომი ისე უნდა დასრულდეს, რომ შეერთებული შტატებისთვის სასარგებლო იყოს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ეხმაურება.
როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნებისმიერი უცხოელი პოლიტიკოსი მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.
"აქ ჩანს ზუსტად ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ყველა ქვეყანა საკუთარი ინტერესებით მოქმედებს. გუშინ საღამოს რომ ვიხილეთ ნაცმოძრაობის ღონისძიება, ეს ხალხი არწმუნებს თავის მხარდამჭერებს, რომ ვიღაცამ დედამიწის ზურგზე უფრო მეტად ზრუნავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე, ვიდრე ქართველი ადამიანი და საქართველოს ხელისუფლება. რეალობა ასეთია, ასე იყო ყოველთვის, არასდროს არ ყოფილა სხვანაირად მოწყობილი სახელმწიფოთაშორის ურთიერთობები, ისტორიულადაც. ასე რომ, ეს წამოცდენაა თუ განცხადება მისი მხრიდან, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რასთანაც ჩვენ საერთაშორისო პოლიტიკაში გვაქვს საქმე. ზუსტად ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდა შაჰინსაც საქართველოსთან დაკავშირებით. ყოველთვის ის უყურებდა საქართველოს ისე, რომ რა შეიძლება არგოს საქართველომ მისი ქვეყნის ინტერესებს," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.