გარე დავალება ისევ ოპოზიციისთვის დაწერილ ინსტრუქციებს გულისხმობს. ამჯერად დღევანდელი აქციის სამოქმედო გეგმას, რომლის შესახებაც "პრაიმტაიმმა" დეტალური ინფორმაცია, ექსკლუზიურად გაავრცელა. სტატიის მიხედვით, ოპოზიციის 26 მაისის სცენარის ავტორი იგორ ბლაჟევიჩია, საზოგადოებისთვის უკვე კარგად ნაცნობი ჩეხი ინსტრუქტორი, რომელმაც საკუთარი დამქირავებლებისთვის საერთო სლოგანიც მოიფიქრა - "ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს". ამას ხელისუფლების ოპონენტები დიდი ხანია იმეორებენ, რაც როგორც ირკვევა, შემთხვევითობა არ არის. მედია კონკრეტულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უცხოელი კონსულტანტის მიერ შემუშავებული გეგმა ორ ძირითად მიმართულებად იყოფა, რომლის მიზანიც ერთის მხრივ, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის პროვოცირება, მეორე მხრივ კი ოპოზიციის ალტერნატივად წარმოჩენაა. სახელისუფლებო გუნდში არ უკვირთ, რომ მათი ოპონენტები დამოუკიდებლობის დღესაც უცხოეთში დაწერილ სტრატეგიაზეა არიან დამოკიდებული.
ერთიანობის დემონსტრირება და ემოციური მანიპულირება სოციალური საკითხებით - ვინ რაზე უნდა ისაუბროს? ბლაჟევიჩის გეგმაში გადანაწილებულია სასაუბრო თემებიც და გაწერილია სპიკერებიც. "პრაიმტაიმი" წერს, რომ აქციაზე გამომსვლელებიც ქვეყნის გარედან, უცხოელმა აქტორებმა შეარჩიეს. სტატიაში დასახელებულია მათი სავარაუდო სიაც.
"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ბლაჟევიჩმა ოპოზიციასთან კონტაქტები მას შემდეგ შეამცირა, რაც ცნობილი გახდა ოპოზიციასთან მისი თანამშრომლობის შესახებ. ურთიერთობა მხოლოდ ორ სუბიექტად შეინარჩუნა. მათგან ერთი კი სავარაუდოდ ნიკა გვარამიაა. "ახალის" ლიდერმა დღეს აქციამდე გამოქვეყნებული სტატიის შინაარსი პრაქტიკულად დაადასტურა. წინასწარ გაწერილი გეგმები ვერ უარყო ვერც "ნაციონალურმა მოძრაობამ".
ბლაჟევიჩის ინსტრუქციით, ოპოზიციას ევალება საზაფხულო კამპანიის დაწყების გამოცხადება და განცდის შექმნა, რომ მათი ერთობა რეალურია. პრაიმტაიმის ცნობით, პარტიები ამით შეეცდებიან მაქსიმალურად დამალონ შიდა დაპირისპირება, ისევე როგორც თავად ჩეხ ინსტრუქტორთან შექმნილი უთანხმოება. ირკვევა, რომ ბლაჟევიჩი ოპოზიციის ლიდერებით უკმაყოფილოა, რადგან აქციის საპროგრამო სიტყვა ხელოვნურ ინტელექტს დააწერინეს. ეს დეტალური ექსკლუზიური ინფორმაცია მმართველი გუნდის შეფასებით ადასტურებს,რომ ოპოზიცია თავადვე არის კრიზისში, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ცნობილი ხდება, რომ ოპოზიციას საპროტესტო აქციებისთვის ქვეყნის გარედან ამზადებენ. ასე მოხდა 13 ნოემბრის შემთხვევაშიც, როდესაც წინასწარ გავრცელდა ბრიუსელიდან გამოგზავნილი წერილის ტექსტი. დოკუმენტის გამოქვეყნებიდან მალევე, აქტივისტებმა პარლამენტთან სიტყვა-სიტყვით, ოღონდ ქართულად გაიმეორეს ის, რაც მედიაში მანამდე ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა.