04 აგვისტო 2026,   15:36
ვრცლად
35 წელი დამოუკიდებლობის აღდგენიდან - როგორი იყო 2026 წლის 26 მაისი, ქართველების მთავარი დღესასწაული

საქართველოს სახელმწიფო დროშა - დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ძლიერი ეროვნული იდენტობის სიმბოლო, ქვეყნის მთავარ მოედანზე საქართველოს ჰიმნის ფონზე აღიმართა.

საქართველოს მომავალი ჯარისკაცების, სამშობლოს დამცველების ხმა დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ხმამაღლა ისმოდა - რეკრუტებმა ღვთისა და ერის წინაშე ფიცი დადეს.

სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე სამშობლოს სამსახურში - ფიცი წვევამდელებმა თავისუფლების მოედანზე დადეს.

დამოუკიდებლობის დღის ყველაზე მნიშვნელოვანი და ემოციური ნაწილი დედაქალაქის გარდა 12 ისტორიულ ადგილზე გაიმართა, მათ შორის: ფოკაში, საიდანაც შემოვიდა საქართველოში ქრისტიანობა.

თხოთის მთაზე - სადაც პირველი ჯვარი აღიმართა.

უშგულში - შხარას კალთების ქვეშ, სადაც თაობიდან თაობას გადაეცემოდა ხატის მცველობის მისია.

სნოში - ადგილი, რომელმაც საქართველოს გამორჩეული პატრიარქი, ილია მეორე აჩუქა.

აღლუმი და სამხედრო ფიცი უმაღლესმა მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჩაიბარა.

დღეს, მთელმა საქართველომ ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული გმირი სამხედროების ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგო.

თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს წაიკითხეს ჯარისკაცის მრწამსიც და კიდევ ერთხელ დადეს პირობა, რომ სამშობლოს დაიცავენ.

1700 წელია რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს - ამ კონცეფციით გამართულ დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებებს სიონის საკათედრო ტაძრიდან საპატრიარქოს გუნდი და მცხეთის სამთავროს მონასტრიდან მონაზვნები გალობით შეუერთდნენ.

17:10 წუთი - ეს ის დროა, როცა 108 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა. დღეს კი ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში ერთდროულად საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

დამოუკიდებლობის დღეს დედაქალაქის ცაზე საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერები გამოჩნდა - სადემონსტრაციო გადაფრენა ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის 12-მა საფრენმა აპარატმა შეასრულა.

დღის ამბები