ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი არ შეუერთდა დუბლინში მიღებულ დეკლარაციას ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპების შესახებ ნატოსთან დაკავშირებული მრავალრიცხოვანი მითითებების გამო.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, სომხეთმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაიწყო, თუმცა მიზნად ნატოში გაწევრიანება არ დაუსახავს.
ეროვნულ ასამბლეაში სამთავრობო საათის მიმდინარეობისას ფაშინიანმა დეპუტატ ვოლოდი აკოპიანის კითხვას უპასუხა. აკოპიანი დაინტერესდა, თუ რატომ არ შეუერთდა სომხეთი 12 ნოემბერს, ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის ფარგლებში მიღებულ დოკუმენტს.
"ერთი მიზეზის გამო: პარტნიორებს გამჭვირვალედ ვუთხარი, რომ იქ ნატოსთან დაკავშირებული მითითებების ძალიან დიდი რაოდენობა იყო. ჩვენ ჩვენი პოზიცია გამოვხატეთ, რომ დიახ, ჩვენ დავიწყეთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, მაგრამ ჩვენს პოლიტიკაში არ არის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ვაპირებთ ნატოში შესვლას ან ზოგადად ასეთ ამოცანას ვისახავთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სომხეთის პრემიერის თქმით, მთავრობა ერთმანეთისგან მიჯნავს ევროკავშირში გაწევრიანებისა და სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხებს.
"ჩვენ ვთქვით: ევროკავშირს - კი, მაგრამ სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის ლოგიკით გატარებულ პოლიტიკას არ ვიღებთ. სწორედ ეს იყო მიზეზი და ამას გაგებით მოეკიდნენ", - აღნიშნა ფაშინიანმა.