"ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის" (TRIPP) პროექტი გზას უხსნის მშვიდობას სომხეთისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ერევანში, ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ბრიფინგს წინ უძღოდა TRIPP-ის პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის, ასევე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და გადამუშავების შესახებ დოკუმენტების ხელმოწერა.
რუბიომ მადლობა გადაიხადა მიღებისთვის და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია TRIPP-ის პროექტის ფარგლებში აშშ-სა და სომხეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმებაზე ხელმოწერა.
რუბიოს განცხადებით ეს არის კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯი და მშვიდობის გზა სომხეთისა და რეგიონისთვის.
მისი თქმით, ეს თანამშრომლობა ამით არ შემოიფარგლება და მთავარი ამოცანა ორი ხალხის საკეთილდღეოდ ურთიერთობების განვითარებაა. სწორედ ამ მიზნით მოეწერა ხელი დოკუმენტს უმნიშვნელოვანესი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და გადამუშავების შესახებ. რუბიოს განცხადებით, 21-ე საუკუნეში ეს სექტორი უზრუნველყოფს ეკონომიკურ დამოუკიდებლობასა და წვდომას ახალ ტექნოლოგიებთან. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ისინი მზად არიან ერთობლივი მუშაობისთვის, რათა სომხეთისა და აშშ-ის ეკონომიკას ჰქონდეს საიმედო წვდომა წიაღისეულზე.
მისივე თქმით, სომხური გუნდის საქმიანობა გზას უხსნის უკეთეს მომავალს სომხეთისთვის. რუბიომ აღნიშნა, რომ ისინი მოხარულნი არიან მხარდაჭერით, მზად არიან იმუშაონ მომავლისთვის, ამაყობენ, რომ ამ პროცესის ნაწილი არიან და მზად არიან ერთად კიდევ უფრო მეტი გააკეთონ.