დედაქალაქში სადღესასწაულო მოვლენების ეპიცენტრი ორ მთავარ წერტილში ერთიანდება - ეს არის ორბელიანის მოედანი და ალექსანდრეს ბაღი. სწორედ ამ ორ ლოკაციაზე და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, სხვადასხვა ქუჩაზე, მთელი დღის განმავლობაში, კულტურული, სპორტული, გასართობი და საბავშვო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გაიმართება.
ქვეყნის მთავარი დღესასწაულის კულმინაცია, ტრადიციულად, 17:10 საათია - ისტორიული დრო, როცა საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. სწორედ ამ დროს, საქართველოში ერთდროულად აჟღერდება სახელმწიფო ჰიმნი. დღის ბოლოს კი, როგორც თბილისში, ისე საქართველოს ყველა რეგიონში, 26 მაისის პროგრამა გალაკონცერტებით დასრულდება.
დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, დამატებითი კომენტარი გააკეთა თბილისის მერიის ღონისძიებათა უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ნინუცა ბუცხრიკიძემ.
"დღეს, 12:00 საათიდან, გვიან ღამის 12:00 საათამდე ლოკაცია იქნება აქტიური და მრავალფეროვანი. განსაკუთრებით, გვინდა, მოვიწვიოთ ყველა სტუმარი დღის პირველი ნახევრიდან, ფურცელაძისა და ათონელის ქუჩაზე, სადაც ქართველი შეფები სხვადასხვა კუთხიდან, კონკრეტულად დღევანდელი დღისთვის შექმნილ მენიუებს შესთავაზებენ ვიზიტორებს. მეწარმეები, რომლებიც 9 აპრილის პარკში არიან წარმოდგენილნი, უნიკალური ნივთების გამოფენა-გაყიდვით იქნებიან წარმოდგენილნი, მთელი დროს განმავლობაში", - განაცხადა ნინუცა ბუცხრიკიძემ.