ჰათსონის ინსტიტუტის მომზადებულ კვლევასა და მასზე დაყრდნობით ამერიკულ პრესაში გამოქვეყნებულ სტატიას პრემიერ-მინისტრი საქართველოს ინტერესების მიზანმიმართულ მტრობას უწოდებს.
საუბარია ჰათსონის ინსტიტუტის კვლევაზე, რომელიც გიორგი კანდელაკის თანაავტორობით მომზადდა და "ვაშინგტონ ფრი ბეიკონისთვის" მთავარ წყაროდ იქცა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამერიკული ორგანიზაციის ანგარიშში საქართველოს ირანთან საეჭვო ეკონომიკურ კავშირებსა და უკანონო დახმარებაში ადანაშაულებს, თუმცა, ტრადიციულად, მტკიცებულებების გარეშე.
ირაკლი კობახიძემ დღეს საზოგადოებას საქართველო-ირანის ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლები შეახსენა და განაცხადა, რომ ბრალდებების აბსურდულობას მიზერული ციფრებიც ადასტურებს. პრემიერი დარწმუნებულია, რომ კანდელაკისა და სტატიის უკან კონკრეტული საერთაშორისო გავლენის მქონე ჯგუფების ნეგატიური ინტერესები დგას.
"ვაშინგტონ ფრი ბეიკონის" გვერდებზე გამოქვეყნებული დეზინფორმაცია კანდელაკის მხრიდან ეროვნული ინტერესების დაზიანების პირველი შემთხვევა არ არის მმართველი გუნდისთვის. სახელისუფლებო პარტიაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსისა და ჰათსონის ინსტიტუტის თანამშრომლის მხრიდან იდენტური სახის არაერთი კამპანია გაიხსენეს. თქვეს, რომ კანდელაკი "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი იდეური მემკვიდრეობის სახეა, რომლის ქმედებებსაც შესაბამისი გამოძიება და სამართლებრივი რეაგირება სჭირდება.
სტატიაში გამოთქმულ მოსაზრებას, თითქოს საქართველო ირანისთვის სანქციების გვერდის ავლის მექანიზმად იქცა, ოპოზიციაში ეთანხმებიან. ხელისუფლების ოპონენტებისთვის პუბლიკაციაში მტკიცებულებების არარსებობას მნიშვნელობა არ აქვს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და იდეური მოკავშირეების მხრიდან მსგავსი შინაარსის კამპანიებს მმართველ გუნდში ორკესტრირებულს უწოდებენ. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, საქართველოს ინტერესების დისკრედიტაცია გარკვეული ძალების გეოპოლიტიკურ ინტერესს წარმოადგენს, ქართული ოპოზიცია კი, ანტისახელმწიფოებრივი მიდგომებით, ამ პროცესს აქტიურად უწყობს ხელს.
ამერიკულ გამოცემაში სტატია და საქართველოს წინააღმდეგ გამოთქმული დაუსაბუთებელი ბრალდებები გუშინ გამოქვეყნდა. ტექსტი, გიორგი კანდელაკის თანაავტორობით, ჰათსონის ინსტიტუტის მიერ მომზადებული კვლევის საფუძველზეა შედგენილი.